ათი დღის წინ ეკოაქტივისტებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში პროტესტის ნიშნად ვან გოგის “მზესუმზირებს” პომიდვრის წვნიანი შეასხეს. მათი მიზანი საზოგადოების ყურადღების ნავთობის კრიზისისკენ მიპყრობა იყო. როგორც გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, აღნიშნული ქმედების შემდეგ 21 წლის ფიბი პლამერი და 20 წლის ანა ჰოლანდი, რომლებსაც ეცვათ მაისურები წარწერით: “Just Stop Oil,” ნახატის ქვეშ, კედელს ხელებით მიეწებნენ, რის შემდეგაც პერფორმანსის მაყურებლებს მიმართეს: “რა უფრო ღირებულია – ხელოვნება თუ სიცოცხლე? ნუთუ ის საჭმელზე, სამართლიანობაზე უფრო ფასეულია? ნახატის დაცვა უფრო გადარდებთ თუ პლანეტისა და ხალხის?” ვან გოგის შედევრი დამცავი მინის დამსახურებით არ დაზიანებულია, აქტივისტები კი დააკავეს.

კვირას ეკოაქტივისტების მორიგი სამიზნე პოტსდამში მდებარე ბარბერინის მუზეუმში დაცული კლოდ მონეს ტილო გახდა. ამჯერად მათ “Grainstacks”-ს კარტოფილის პიურე მიასხეს.

“ადამიანები შიმშილობენ, იყინებიან, კვდებიან. კლიმატის კატასტროფის წინაშე ვდგავართ, თქვენ კი ნახატზე პომიდვრის წვნიანის თუ კარტოფილის პიურის გეშინიათ. იცით მე რისი მეშინია? იმის, რასაც მეცნიერება გვეუბნება – რომ 2050 წელს ჩვენს ოჯახებს ვერ გამოვკვებავთ,” – განაცხადა პიურე შესხმული ნახატის ქვეშ, კედელზე ხელმიწებებულმა 25 წლის აქტივისტმა მირიამ ჰერმანმა.

მუზეუმის წარმომადგენლის განცხადებით, მინით დაცულ ნახატზე დაზიანების კვალი არ შეინიშნება. პოლიციამ აქტივისტები დააკავა.