სუნამოების წარმოების ინდუსტრიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. თანამედროვე რეალობაში, ცნობილი ბრენდები ახალ-ახალ სურნელებს თითქმის ყოველდღიურად გვთავაზობენ. მიუხედავად პოპულარობისა, წლებია იმისათვის საჭირო, რომ კონკრეტული სუნამო კლასიკად შეფასდეს. გთავაზობთ ყველა დროის 5 საკულტო სუნამოს.

Chanel No.5

როდესაც ვსაუბრობთ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სუნამოზე, ერთ-ერთი პირველი აუცილებლად Chanel No.5 გაგვახსენდება. მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული სუნამო პირველად თითქმის 100 წლის წინ, 1921 წელს წარადგინეს. ამ წლების განმავლობაში, ეს სურნელი ფემინურობის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. Chanel No.5-ის სახე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი ქალი იყო, მათ შორის – მერლინ მონრო.

Shalimar – GUERLAIN

აღმოსავლური არომატის ეს სუნამო 1924 წელს გამოვიდა და დღემდე გაიგივებულია სურნელთან, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან.

L’Air du Temps – Nina Ricci

სუნამო 1948 წელს გამოვიდა. მისი შექმნა რობერტ რიჩის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ახალგაზრდა ქალების სტილმა შთააგონა. L’Air du Temps არის სუნამო, რომელიც პიროვნებას, ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. მსუბუქი სურნელით, ის მკვეთრად განსხვავდება იმ პერიოდის სხვა სუნამოებისაგან.

Opium –  YVES SAINT LAURENT

Opium-ის პირველი და საკულტო ვერსია 1977 წელს გამოვიდა. მას შემდეგ, სუნამომ ცვლილება არაერთხელ განიცადა – მომხმარებელს ის ახალი დიზაინით და განახლებული სურნელით რამდენჯერმე წარუდგინეს. თუმცა, Opium-ის პირველი სუნამო კლასიკად არის აღიარებული. მის შემადგენლობაში ვანილის ტკბილი სურნელი ჰარმონიულად ერწმის ყვავილების შედარებით მძაფრ სურნელს. პრეზენტაციის შემდეგ, სუნამომ სახელიდან გამომდინარე, საკმაოდ სკანდალური რეპუტაცია შეიძინა – ზოგიერთ ქვეყანაში მისი გაყიდვა არალეგალურიც კი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მის გარშემო ატეხილი ეს ხმაური ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, რამაც OPIUM-ის ასეთი პოპულარობა განაპირობა.

J’Adore – DIOR

სუნამო Calice Becker– მა Dior– ისთვის 1999 წელს შექმნა. J’ADORE გლობალური ბესტსელერი გახდა და მას შემდეგ, მისი სხვადასხვა ვერსია შესთავაზეს მომხმარებლებს. თავდაპირველ სუნამოს საკულტო სტატუსი კი სწორედ იმიტომ აქვს, რომ იგივე ფორმულით აღარ გამოდის.