კიმ კარდაშიანი ერთერთი ყველაზე ცნობადი სახეა მსოფლიოში, მაგრამ სამშაბათს სასტუმრო Bel Air-ში ნამდვილად გაგიჭირდებოდათ მისი ამოცნობა. თუმცა საპატიო მიზეზის გამო: კიმის გამოსახულებას შეხვდებოდით დარბაზის ყოველ კუთხე კუნჭულში, დაწყებული მისი თავის უსხეულოდ კლონირებული მანეკენებით, რომლებსაც თმა ცალ მხარეს ჰქონდათ გადაწეული, დამთავრებული დიდ მონიტორზე ნაჩვენები ფოტოებით, სადაც კიმი სხვა მოდელებთან ერთად პოზირებს, ისინი კი რეალითი შოუს ვარსკვლავის სახის ნიღბებს ატარებენ. საღამოზე სხვა გავლენიან სახეებსაც იხილავდით, რომლებსაც კიმის ორეულის როლი ჰქონდათ მორგებული და პრესის წინაშე პოზირებდნენ სხვადასხვა სათვალეებით. მიზეზი ამ შეკრებისა, კიმ კარდაშიანის თანამშრომლობა გახლავთ სათვალეების გერმანულ ლეიბლ “Carolina Lemke” – სთან. აღნიშნული კოლექცია 2000-იანი წლების ფუტურისტული სტილის პოპულარულ სათვალეებს მოგაგონებთ.


მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კარდაშიანს სხვა უამრავი კოლაბორაცია განუხორციელებია, ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან ამჯერად მთელი შემოქმედებითი სადავეები კიმმა აიღო საკუთარ თავზე, ეხებოდა ეს სათვალეების დიზაინს, მასალას, ფორმას თუ კამპანიის იდეას და შერჩეულ ფოტოგრაფებსაც კი. ნათელია, რომ ყველაფერზე კონტროლის უფლების მინიჭებამ უდავოდ მოიგო კარდაშიანის გული და თანამშრომლობაც შედგა.


ჟურნალისტის კითხვაზე ისურვებდა თუ არა ტანსაცმლის ხაზის შექმნას, კიმმა ასეთი პასუხი გასცა: “არა მგონია, ნამდვილად არა. ვხედავ რამხელა ძალისხმევა და შრომა სჭირდება ამ საქმეს ჩემი მეუღლის ოფისში და მომწონს, რასაც ის აკეთებს. მაგრამ მძიმე სამუშაოა. მიყვარს, როცა ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს და ამ სფეროშია.” რეალითი შოუს ვარსკვლავმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა დგას მისი წარმატების უკან: “დაუსრულებელი შრომა. ყველას უნდა მართავდეთ, ვინც თქვენი დაქვემდებარების ქვეშაა. როცა თავად ხარ ჩართული, ყველაფრის საქმის კურსში უნდა იმყოფებოდე, პრესისაც კი, რომელიც ბიზნესის უზარმაზარი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მომხმარებელთან პირდაპირ არის კავშირში. მარტივი გზა არ არსებობს. მთლიანად შრომაში უნდა გადაეშვა. ჩემს ყოველდღიურ განრიგს რომ გადახედოთ, იმდენად დეტალურად არის გაწერილი ყოველი წუთიც კი, რომ ჩემმა ერთერთმა შვილმა, 5 წუთით რომ დააგვიანოს საუზმის მიღება, ვერც სკოლაში მივა დროულად და ყველაფერი აირევა. შესაძლოა ზედმეტად მეწვრილმანე ვარ, მაგრამ ასეთია ჩემი სამუშაო.”