ახალი დღე მოდის ინდუსტრიაში, ახალი სიბინძურე სააშკარაოზე. ვარსკვლავების ფოტოგრაფი, მარკუს ჰაიდი მოდელმა სექსუალური შევიწროების მცდელობაში დაადანაშაულა. მარკუსი მოდელს ინსტაგრამის საშუალებით დაუკავშირდა და შიშველი ფოტოების გაგზავნა თხოვა. თუ მოდელი დათანხმდებოდა, უფასოდ ითანამშრომლებდა მასთან, რაზეც გოგონამ უპასუხა, რომ შიშველ ფოტოსესიაში მონაწილეობაზე თანახმა იყო, თუმცა არ სურდა მარკუსისთვის მსგავსი ფოტოები ინსტაგრამზე გაეგზავნა. როცა ჰკითხა. კვლავ სურდა თუ არა ჰაიდს მასთან თანამშრომლობა, მარკუსმა უპასუხა, რომ ეს მოდელს 2000 დოლარი დაუჯდებოდა. სქრინები, რომლებიც მოდელმა და ინტერიერის დიზაინერმა გამოაქვეყნა, ინსტაგრამმა წაშალა.

მოგვიანებით, საქმეში პოპულარული გვერდი Diet Prada ჩაერთო. Diet Prada-მ ინსტაგრამზე, რომელსაც 1,4 მილიონი გამომწერი ადევნებს თვალს, მოდელისა და ფოტოგრაფის მიმოწერა გამოაქვეყნა და პოსტში ის ცნობილი სელებრითები მოიხსენია, რომლებიც მარკუსთან თანამშრომლობდნენ: არიანა გრანდე და კიმ კარდაშიანი:

„ამაზრზენია @marcushyde. @kimkardashian @arianagrande გაიყვანეთ თქვენი ბიჭი და ასწავლეთ ზნეობა“

სელებრითებმა პოსტი არ უგულებელყვეს და ინსტაგრამ სთორის საშუალებით გამოეხმაურნენ მარკის ქცევას:

„ძვირფასო მოდელებო/ხელოვანებო ლოს-ანჯელესში/ყველგან, ახალხან წავიკითხე რამდენიმე შოკისმომგვრელი და სამწუხარო ისტორია. არ მომწონს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, გთხოვთ, ნუ ითანამშრომლებთ ფოტოგრაფებთან, რომლებიც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებენ და იძულებულს გხდიან სამოსი გაიხადოთ, თუ ეს არ გსურთ. თუ გსურთ, მშვენიერია, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, არ ქნათ. თუ გეუბნებიან, რომ ჩაცმული გადაღება უფრო მეტი დაგიჯდებათ ეს საშინელებაა და ვწუხვარ, თუ მსგავსი რამ გადაგხდათ. გპირდებით, რომ არსებობენ პატივსაცემი, სასიამოვნო,ნიჭიერი ფოტოგრაფები“ – არიანა გრანდე

Kim By Marcus Hyde

„ვკითხულობდი ყველა მესიჯსა და ისტორიას ქალებისთვის შეუფერებელ და უპატიებელ ქცევაზე იმ ფოტოგრაფისგან, რომელთანაც მითანამშრომლია წარსულში. ჩემი პირადი გამოცდილება მასთან ყოველთვის პროფესინალური იყო და მართლა შოკირებული, დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ სხვა ქალებს სულ სხვანაირი გამოცდილება ჰქონდა მასთან. ქალის ყველა იმ უფლებას ვუჭერ მხარს, რომ არ იყვნენ შევიწროებულნი ან იძულებულნი გააკეთონ ის, რაც მათთვის არაკომფორტულია. მსგავსი ტიპის ქცევის უგულებელყოფის უფლება არ გვაქვს და ტაშს ვუკრავ ყველას, ვინც ხმა ამოიღო“ – კიმ კარდაშიანი

სკანდალის შემდეგ ფოტოგრაფმა საკუთარი ინსტაგრამის პროფილი დახურა.

დღეს, როდესაც ინფლუენსერები და ინსტაგრამ მოდელები აქტუალურები არიან, არაერთი გოგონა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას საკუთარი ძალებით ცდილობს. მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ან გამოცდილება, რომ ჰაიდის მსგავსი ადამიანები ამოიცნონ და საკუთარი თავი დაიცვან. ამ მხრივ, სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტის მქონე მოდელები უფრო დაზღვეულები არიან, რადგან სააგენტოები უმეტეს შემთხვევაში ცუდი რეპუტაციის მქონე ფოტოგრაფებთან კავშირს წყვეტენ, მაგრამ ის ახალგაზრდები, რომელებიც სოციალური ქსელებით ცდილობენ მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას, შესაძლოა საფრთხეს ვერც აცნობიერებდნენ და ეს არის პრობლემა, რომელზე რეაგირება და ზომების მიღება აუცილებელია. ამ შემთხვევამ კარა დელევინის სიტყვები გამახსენა, რომელიც ბრიტანელმა მოდელმა და მსახიობმა 2016 წელს გააჟღერა:

„მოდელობა რთული პროფესიაა. თუ მაგრად არ დადგები,ცუდად დაამთავრებ, რადგან ფოტოგრაფების უმრავლესობა ამ საქმეს მოდელებთან დასაწოლად იწყებს“

#metoo და #timesup ერის შემდეგ ცვლილებები დაიწყო. მოდამ ისეთი ნიჭიერი ფოტოგრაფები გაისტუმრა სანაგვეზე, როგორებიც არიან: ბრუს ვებერი, მარიო ტესტინო, პატრიკ დემარშელიე, ტერი რიჩარდსონი. ისინი არიანას და კიმს არა, პრინცესა დიანას, მერილ სტრიპს და მარტინ სკორსეზესაც იღებდნენ, მაგრამ ახლა ინდუსტრიის სანაგვეზე არიან რეპუტაცია შელახულები უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე. ეს კი ახალბედა ფოტოგრაფებისთვის რაღაცას უნდა ნიშნავდეს, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ ვერ იაზრებენ, რომ მათი დრო დამთავრდა.