2021 წლის ოქტომბერში უკრაინის დედაქალაქ კიევში სოფო ჭყონიას ორგანიზებით პირველად ჩატარდა ხელოვნებისა და მოდის ფესტივალი – KAFD. “ჩემი მიზანია კიევი ხელოვნების და მოდის ცენტრად ვაქციო, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ეწვევიან როგორც ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები, ისე ცნობილი ადამიანები, უცხოური მედიის და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს თავიანთ იდეებს გაუზიარებენ და მათ განსახორციელებლად ერთად იმუშავებენ,” – ამბობდა სოფო უკრაინული ვოგისთვის მიცემულ ინტერვიუში. “როგორც უცხოელმა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ კიევი მომავლის ქალაქია.”
საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, უკრაინა რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის პირისპირ აღმოჩნდა. შექმნილმა ვითარებამ ქვეყნის დღის წესრიგი შეცვალა. ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, Kyiv Art & Fashion Days ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ნაწილად გვევლინება. პროექტის მონაწილე ექვს დიზაინერმა: Elena Burenina-მ, Bobkova-მ, Frolov-მა, Litkovskaya-მ, Kovalska-მ და Gudu-მ თავიანთი კოლექციები მანჰეტენზე მდებარე Mastercard-ის ოფისებში წარადგინეს.
როგორც ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, KAFD-ის ნიუ-იორკში გამართვის იდეა გასულ წელს განხორციელებულ პროექტში ჩართულ CFDA-ს წევრ ქინან დაფთის გაუჩნდა. “დაზარალებული უკრაინის, დაკარგული სიცოცხლეების და განადგურებული ინფრასტრუქტურის შემყურეს, მომინდა ადგილობრივ შემოქმედებს დავხმარებოდი, რათა სცოდნოდათ, რომ მარტოები არ არიან და აქ, ნიუ-იორკში ჩვენგან გარკვეული მხარდაჭერა აქვთ,” – აღნიშნავს ის.