კენსინგტონის სასახლემ ქეით მიდლტონის, უელსის პრინცესას საშობაო ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. მიმართვა ტრადიციული საშობაო სიმღერების ღონისძიების შესავალია.

წელს უელსის პრინცესამ მეორედ უმასპინძლა ვესტმინსტერის სააბატოში საშობაო ღონისძიებას.

მიმართვა სააბატოში 14 დეკემბერს ჩაიწერა, რომელშიც ქეითი მორთული ნაძვის ხის ფონზე მბზინავი ტვიდის ჟაკეტში ვიხილეთ.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესტმინსტერის სააბატოში დავბრუნდი საშობაო სიმღერების საღამოსთვის,” ამბობს უელსის პრინცესა მიმართვაში, “შარშანდელმა ღონისძიებამ გამახსენა, თუ რა არის ჩემი საყვარელი საშობაო ტრადიცია – ადამიანების ნახვა, მათი გაცნობა და სოციალიზაცია, ამასთან ერთად, გასულ წელზე ფიქრი.”

ქეითმა დედოფალი ელიზაბეთ II-ც გაიხსენა, რომელიც 96 წლის ასაკში გასულ სექტემბერს გარდაიცვალა.

“ეს პირველი შობაა, რომელსაც მისი უდიდებულესობის, დედოფალი ელიზაბეთ II-ის გარეშე აღვნიშნავთ. მისი უდიდებულესობისთვის შობა განსაკუთრებული დღესასწაული იყო. ის ყოველთვის გვახსენებდა რწმენის, მეგობრობისა და ოჯახის მნიშვნელობას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანაგრძნობის გამოხატვა გარშემომყოფების მიმართ.”

ქეითმა აღნიშნა, რომ წელს გარდაცვლილი დედოფლის მიერ წამოწყებული საშობაო ტრადიციები აუცილებლად გაგრძელდება.

“წელს, ჩვენ ტრადიციულად დავპატიჟეთ ასობით შთამაგონებელი ადამიანი ღონისძიებაზე. ერთმანეთის დახმარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის გამართული საღამო დაგვეხმარება აღვნიშნოთ მათი ღვაწლი საზოგადოების კეთილდღეობაში. მისმა უდიდებულესობამ უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და ბევრი ჩვენგანი შთააგონა. ეს ღონისძიება მას და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენთან აღარ არის.”