გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რაფ სიმონსი კელვინ კლაინს ტოვებდა. მოგვიანებით ბრენდმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ კოლექციების გამოშვებას წყვეტდა და შემოქმედებითი ხელმძღვანელის დანიშვნას აღარ აპირებდა. რაფისა და კელვინ კლაინის თანამშროლობა ერთ-ერთი საუკეთესო ტანდემი უნდა ყოფილიყო ბრენდისა და დიზაინერის, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. მართალია, რაფმა ხალხის ალაპარაკება მოახერხა, მაგრამ გამოხმაურება გაყიდვებზე არ ასახულა და სწორედ აქედან იწყება ბრენდის პრობლემები. რაფის წასვლის შემდეგ ბრენდი ძირეულ ცვლილებებს ახორციელებს. მოდაში ახალი დეკადი იწყება და მას ყველა ბრენდი ვერ გადაურჩება. ბუნებრივია ჩნდება კითხვა – მოახერხებს თუ არა კელვინ კლაინი რელევანტურობის დაბრუნებას დიზაინერის გარეშე? საეჭვოა, მაგრამ, ერთი რამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, ბრენდისთვის ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ გაყიდვების გაუმჯობესებაა, ამიტომ ძირითადი კონცენტრაცია კელვინ კლაინის ჯინსებსა და საცვლებზეა.

როგორც ბრენდის ახალი განცხადებიდან ვიგებთ, ამერიკული მოდის სახლი წელიწადში 4-6 კამპანიას გაავრცელებს და თითოეული მათგანი განსხვავებული მომხმარებლისთვის იქნება განკუთვნილი. ბრენდის მარკეტინგის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ახალ ინიციატივას “InCKubator” უწოდა, რომელიც ახალგაზრდა გუნდის მიერ იქნა შემუშავებული. გუნდს აბსოლუტური შემოქმედებითი თავისუფლება ექნება. ახალი ინიციატივა გულისხმობს კოლაბორაციებს და ახალ პროდუქსაც, რომელიც კელვინ კლაინის ახალი ხაზის სახელის ქვეშ გაიყიდება. ხაზის სახელი კი სექტემბერში გახდება ცნობილი.