კარლ ლაგერფელდმა საერთაშორისო აღიარება სხვა დიზაინერების შექმნილ მოდის სახლებში მოიპოვა, თუმცა თავისი გენიალური ნიჭით და საკულტო იმიჯით, გასულ 50 წელში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიზაინერი გახდა. ის სელებრითი დიზაინერების არმიას სათავეში ჩაუდგა, მისი ჭაღარა შეკრული თმა და შავი სათვალე ცალკე ბრენდად შეიქმნა, რომელსაც განვითარებული მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში ცნობდნენ.

Karl Lagerfeld

მიუხედავად იმისა, რომ კარლი ცნობადობით მუსიკის, კინოს და სპორტის ვარსკვლავებსაც უტოლდებოდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დიზაინერები სელებრითების სტატუსით არ სარგებლობდნენ, მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის დახურული იყო. ამიტომ ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ ის სიმსივნეს წლები ებრძოდა ისე, რომ ამის შესახებ მისი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ გავიგეთ. ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის დაცვამ და ასისტენტმა, Sébastien Jondeau-მ წიგნი დაწერა, სადაც ის აღწერს ლაგერფელდის 4 წლიან ბრძოლას საშინელ დაავადებასთან, რომელმაც კარლის სიცოცხლე 2019 წლის 19 თებერვალს იმსხვერპლა. სებასტიენის თქმით, კარლს სიმპტომები გარდაცვალებამდე 4-5 წლით ადრე გამოუვლინდა, დიაგნოზის დასმის შემდეგ კი, წამყვან კლინიკებში აქტიურად მკურნალობდა, თუმცა ამას იმგვარად აკეთებდა, რომ ინფორმაციას პრესამდე არ მიეღწია. სებასტიენი ლაგერფელდს ნამდვილ მებრძოლს უწოდებს.

Sébastien Jondeau & Karl Lagerfeld

Sébastien Jondeau კარლ ლაგერფელდთან 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, ის მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო პიროვნება იყო, რომელსაც გერმანელი დიზაინერი ოჯახის წევრად თვლიდა. მისი ახალი წიგნი “Ça va, cher Karl?” გაყიდვაში 27 იანვარს გამოვა.