შანელი, ფენდი და კარლ ლაგერფელდი (ბრენდი) ლეგენდარული დიზაინერის მემორიალის ჩასატარებლად ერთიანდებიან. “კარლი სამუდამოდ” გრან პალეში 20 ივნისის, პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის დროს გაიმართება. გრან პალე ის ადგილია, რომელსაც ლაგერფელდი ხშირად იყენებდა მისი ფანტასტიკური შოუების მოსაწყობად.

მემორიალს ორგანიზება თეატრისა და ოპერის ხელმძღვანელმა, რობერტ კარსენმა გაუწია. ცერემონიაზე სამ ეკრანზე ლაგერფელდისა და მისი კოლაბორატების ვიდეო ჩანაწერები იქნება წარმოდგენილი, ასევე გაიმართება საცეკვაო, მუსიკალური და თეატრალური პერფორმანსები, რომლებსაც დიზაინერი ეთაყვანებოდა.

“რაიმე სიცოცხლით სავსე და მოულოდნელი მინდოდა. მისი ცნობილი გამონათქვამია: “დაკრძალვა? მირჩევნია მოვკვდე” – განაცხადა რობერტ კარსენმა WWD-სთან ინტერვიუში.

“ძალიან ძლიერი მომენტი იქნება, მისი პერსონის კოლექტიური აღნიშვნა. მემორიალი მხოლოდ კარლზე იქნება: ვინ იყო, რა უყვარდა, რა აძლევდა მას უნიკალურ ენერგიას. მიხარია, რომ ძალები გავაერთიანეთ ფენდისთან და კარლ ლაგერფელდთან ისეთი ღონისძიების შესაქმნელად, როგორიც მას შეეფერება. ცერემონია, რომელიც მართლა აღნიშნავს რაც მას უყვარდა და შთააგონებდა” ბრუნო პავლოვსკი, შანელის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

ცნობილი ფაქტია, რომ ლაგერფელდს არ უყვარს ნოსტალგია. “რაღაცები ჩემით იწყება და ჩემითვე მთავრდება. ამის შემდეგ კი სანაგვე ყუთია. მძულს მძიმედ ხსოვნის იდეა” – ეს სიტყვები კარლმა მოდის კრიტიკოსს, სუზი მენკს უთხრა. კარლი 2019 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა. დიზაინერის თხოვნით მისი გარდაცვალების შემდეგ ხალხმრავალი დაკრძალვა არ გამართულა.

შანელმა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გამართული ჩვენების დაწყებამდე, დიზაინერის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. სტუმრებს დასაჯდომებზე კარლისა და კოკოს ილუსტრაცია დახვდათ წარწერით: “The beat goes on” . ფენდის ჩვენების ბოლოს კი კარლ ლაგერფელდის ვიდეო ჩანაწერი იყო წარმოდგენილი დიდ ეკრანზე, სადაც კარლი საკუთარი თავის ჩანახატს აკეთებს. ვიდეოს შემდეგი წარწერა ჰქონდა: “54 წელი ერთად”. ორივე ჩვენების ბოლოს მოდელები დევიდ ბოუის “Heroes”  ფონზე გამოვიდნენ.

“ყველაზე დიდებული რამ, რაც დღეს შეგვიძლია მის სამახსოვროდ გავაკეთოთ ის არის, რომ, როგორც კარლმა თქვა: “ვისიამოვნოთ აწმყოთი და შევქმნათ მომავალი” – ბრუნო პავლოვსკი