კლაუდია შიფერი, გრეის ელიზაბეტი და საშა პივოვაროვა ჩინეთის ვოგის მაისის ყდაზე არიან

ჩინეთის ვოგის მაისის ნომერი კარლ ლაგერფელდის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც თებერვალში გარდაიცვალა. ჟურნალმა ლაგერფელდის მუზები- საშა პივოვაროვა, გრეის ელიზაბეტი და კლაუდია შიფერი გააერთიანა. გარეკანზე მათ შანელის ვინტაჟი აცვიათ. საერთო გარეკანთან ერთად გამოიცა მოდელების სოლო ყდებიც.
ფოტოგრაფი: Camilla Akrans 
სტილისტი: Daniela Paudice

ვოგის Forces of Fashion ოქტომბერში გაიმართება

უკვე მესამე წელია, რაც ნიუ-იორკში ვოგი მოდის მამოძრავებელი ძალების კონფერენციას მართავს, სადაც ინდუსტრიაში მომენტის ყველაზე გავლენიან ადამიანებს იწვევს სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. ცნობილი გახდა, რომ კონფერენცია 10 და 11 ოქტომბერს გაიმართება, მოწვეული სპიკერები კი იქნებიან: ტომ ფორდი, პროენზა სქულერის დიზაინერები- ჯეკი და ლაზარო, კაროლინა ერერას უეს გორდონი, ტორი ბერჩი და ქერბი ჯინ-რეიმონდი, პიერ მოსის დიზაინერი. დანარჩენი სტუმრები მოგვიანებით დასახელდება. კონფერენციაზე დასწრება 3000$ ღირს.

პიერპაოლო პიჩოლი და ჰემიშ ბოულსი Vogue: Forces of fashion
2018 წლის კონფერენციაზე

სიმონ ჟაკქომუსი პარიზში ახალ რესტორანს ხსნის

ციტრონი სიმონ ჟაკქომუსისა და Ramon Mac-Crohon-ის ახალგახსნილი რესტორანია, რომელიც პარიზში Champs-Élysées-ზე მდებარეობს. რესტორანი საფრანგეთის სამხრეთი ნაწილით, ჟაკქომუსის დაბადების ადგილით არის შთაგონებული და ლიმონის ხეებით, თიხის დიდი ჭურჭლებითა და ხის ავეჯით არის გაფორმებული.

მეისი უილიამსი და სოფი ტერნერი ჟურნალი Rolling Stone-ის ყდაზე მოხვდნენ

სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის უფრო და უფრო ახლოვდება, ამიტომ სერიალის მსახიობების სხვადასხვა ჟურნალების ყდებზე ხილვა არ უნდა გაგვიკვირდეს. სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი Rolling Stone-ის გარეკანზე მოხვდნენ. ჟურნალთან ინტერვიუში ისინი მეგობრობაზე, თინეიჯერულ წლებზე და სეზონის ფინალზე საუბრობენ. აღსანიშნავია, ტერნერმა მის ნიშნობაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ ეგონა თუ ეს ოდესმე მოხდებოდა და გაამხილა, ურთიერთობა ორივე სქესის წარმომადგენლებთან ჰქონია: ”ექსპერიმენტებს ყველა ატარებს. გაზრდის ნაწილია, მე ადამიანის სული მიყვარდება და არა სქესი.”

სალვატორე ფერაგამო და MSGM S/S 2020 მამაკაცის კოლექციას პიტი უომოზე წარადგენენ

სალვატორე ფერაგამო და MSGM ივნისში პიტი უომოს შეუერთდებიან. პიტი უომო მამაკაცის მოდის კვირეულის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ორჯერ ფლორენციაში იმართება. ორივე ბრენდი უომოზე მოწვეული სტუმარი დიზაინერები არიან.
MSGM ამ სეზონზე დაარსებიდან მეათე წელს აღნიშნავს. ბრენდი 2009 წელს მასიმო ჯორჯეტიმ დააარსა და პიტი უომოზე ჩვენებას 13 ივნისს გამართავს.
სალვატორე ფერაგამო მამაკაცისა და ქალის გაერთიანებულ კოლექციებს გვთავაზობდა, ახლა კი მამაკაცის კოლექციას ცალკე წარადგენს პიტი უომოს ფარგლებში.

‘’ფლორენცია ყოველთვის კრეატიული და შთამაგონებელი პლატფორმა იყო ბრენდისთვის და მისი დამაარსებლისთვის. პიტი უომო ის ადგილია, სადაც შეგვიძლია ჩვენი ხედვა გამოვავლინოთ, წარვადგინოთ დღეს რას გამოვხატავთ’’ – პოლ ენდრიუ, სალვატორე ფერაგამოს კრეატიული ხელმძღვანელი.

ქლოე რესორთ კოლექციას შანხაიში წარადგენს

ფრანგული ბრენდი თავის რესორთ კოლექცია შანხაიში 5 ივნისს წარადგენს. ბრენდი პარიზში მართავდა ჩვენებას, ხოლო პრე-კოლექციებისთვის შოუებს არ აწყობდა, ამიტომ ეს ქლოესთვის პირველი რესორთ ჩვენება იქნება

რაც შეეხება სხვა ბრენდებს, დიორი კრუიზ შოუს 29 აპრილს მარაქეშში გამართავს. პრადასა და ლუი ვიტონის შოუ ნიუ-იორკში ჩატარდება, ხოლო გუჩი ჩვენებას რომში, კაპიტოლიუმის მუზეუმში გამართავს 28 მაისს.

Chloé S/S 2019 campaign
Credit: STEVEN MEISEL

კლერ უაით კელერი ჟივანშის საბავშვო კოლექციას უშვებს

კლერ უაით კელერი ჟივანშის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2017 წელს დაინიშნა, მან ოტ-კუტიური და ready-to-wear ჩვენებები უკვე წარადგინა, ახლა კი ახალი გამოწვევა მიიღო საბავშო ტანსაცმლის შექმნის სახით. ”Givenchy Kids” 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის შეიქმნა და კოლექცია მოიცავს კაბებს, ზედებს ჟივანშის ლოგოთი და სპორტულებს.
”Givenchy Kids” – ის შეძენა შესაძლებელია ბრენდის საიტზე – Givenchy.com

მაიკლ კორსი კაპრი ჰოლდინგსს ტოვებს

მაიკლ კორსი კაპრი ჰოლდინგსში აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას ტოვებს. კაპრი ჰოლდინგსი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მაიკლ კორსმა დააარსა 1981 წელს და ახლა 3 ცნობილ ბრენდს ფლობს: ჯიმი ჩუს, მაიკლ კორსსა და ვერსაჩეს, რომელიც 2018 წლის სექტემბერში შეიძინა. კორსი თავისი ბრენდის თავჯდომარედ და აღმასრულებელ ხელმძღვანელად დარჩება. როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, ჰოლდინგსი ზემოთ ჩამოთვლილი სამი ბრენდის განვითარებაზე იქნება კონცენტრირებული, მაგრამ მათთვის მაიკლ კორსი ჯერ ისევ ყველაზე შემოსავლიან ბრენდად რჩება.

კარინ როიტფელდი კარლ ლაგერფელდის ბრენდის სტილის მრჩევლად დაინიშნა

ფრანგული ვოგის ყოფილი მთავარი რედაქტორი, კარინ როიტფელდი ოფიციალურად დაინიშნა კარლ ლაგერფელდის ბრენდის სტილის მრჩევლად და ამ როლს 3 სეზონის განმავლობაში შეითავსებს.
S/S 2020 პირველი კოლექცია იქნება, რომელზეც კარინი იმუშავებს. თვითონ კარლს კოლექციაზე უკვე ნაფიქრი ჰქონდა და ლეიტმოტივად ბაუჰაუზი აირჩია. კარლისა და კარინის კოლაბორაციით შეიქმნა ”The Edit by Carine Roitfeld” და ბრენდი სწორედ ამ კოლექციას წარადგენს. ”ბრენდის კრეატიული გუნდი უკვე შერჩეულია თავად ლაგერფელდის მიერ, რომელსაც დიზაინერი Hun Kim ხელმძღვანელობს. კარინის ნიჭის წყალობით კარლის საკულტო ესთეტიკას აღვნიშნავთ და მას სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ”- განაცხადა ბრენდის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა პიერ პაოლო რაიმ.

Photo: Karl Lagerfeld