სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კარდაშიანების საოჯახო რეალითი შოუ, სახელწოდებით Keeping Up With the Kardashians 14 წლის შემდეგ სრულდება. ბოლო, რიგით მე-20 სეზონი 2021 წლის დასაწყისში გამოვა. სიახლემ განსხვავებული რეაქციები გამოიწვია, თუმცა ერთ საკითხზე ყველა შეთანხმდა – გასული ათწლეულის ყველაზე განხილვადი ოჯახი პოპულარობას ასე იოლად არ დათმობს.

მიუხედავად იმისა, რომ Keeping Up With the Kardashian-ის პრემიერიდან 14 წლის შემდეგ, კარდაშიანების კლანის თითქმის ყველა წევრი მულტიმილიონიან, ან მილიარდიან ბიზნესს ფლობს, ისინი გაჩერებას არ აპირებენ. გუშინ, აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გასართობმა კომპანიამ, Disney -მ გაავრცელა სიახლე კარდაშიანებთან ახალი კონტრაქტის შესახებ, რაც გულისხმობს დისნეის მფლობელობაში არსებულ სატელევიზიო და ვიდეო პლატფორმებზე კარდაშიანების ექსკლუზივ კონტენტს.

ჯერჯერობით დისნეისთან გაფორმებულ კონტრაქტზე სხვა დეტალები უცნობია, თუმცა სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ. მნიშვნელობა არ აქვს რა დამოკიდებულება გვაქვს ამ ოჯახის მიმართ, ერთი რამ ფაქტია, ისინი რეიტინგულები არიან. რეალითი შოუების ეპოქა დიდი ხანია დასრულდა, თუმცა Keeping Up With the Kardashians ბოლო წლებში მაინც ინარჩუნებდა რეიტინგს.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად გავლენიანი მოთამაშეა კონტრაქტის ორივე მხარე, ცხადია, რომ უახლოეს მომავალში, ამბიციურ პროექტს უნდა ველოდოთ.