როგორ უნდა გამოირჩეოდე საღამოზე, რომელზეც მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება თუ როგორ გამოიყურები? ხელში დაიჭირო საკუთარი თავი და ისე იპოზიორო კამერების წინაშე? ჯარედ ლეტოს შემთხვევაში ამან ნამდვილად გაამართლა. თუ საკუთარ თავზე ოთხი ლუქის წარმოჩენით წითელ ხალიჩაზე თეატრალური დადგმა მოაწყო? ეს იდეა ლედი გაგამ შესანიშნავად გამოავლინა. ან იქნებ ღონისძიებაზე, რომელზეც ყველა ცდილობს თავისი ჩაცმულობით ყურადღება მიიპყროს და ამავდროულად, დრესკოდი კემპი იყოს, იაფასიანი შავი ჟაკეტის ჩაცმა სცადო და მთელი შენი ლუქი მინიმალისტურად ააწყო? მეტ გალასთვის მსგავსი გადაწყვეტილება, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი ჩვენგანი ვიღებთ, ექსპერიმენტია, რომელიც კანიე უესტმა განახორციელა.

Getty Images

კანიეს Dickie-ს 40 დოლარიანი ჟაკეტი ეცვა. მან ის უბრალო თეთრ მაისურს, შავ შარვალს და Yeezy-ის სამხედრო საბრძოლო ჩექმებს შეუხამა, რომელიც ბრენდის მეოთხე სეზონზე იყო წარმოდგენილი.

Theo Wargo/WireImage

რეპერი წითელ ხალიჩაზე თავის მეუღლე კიმ კარდაშიანთან ერთად გამოჩნდა, რომელსაც თიერი მუგლერის შექმნილი სველი შესახედაობის კუტიურ კაბა ეცვა. ლატექსის კაბის შექმნას თითქმის 8 თვე დასჭირდა და პირველია, რომელიც თიერიმ 20 წლის შემდეგ თავისი ბრენდისთვის შექმნა. კიმის ფონზე კანიე მართლაც კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო.