შაბათს როდეო დრაივის 420 ნომერში Louis Vuitton-ის ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება. ეს იქნება ფრანგული მოდის სახლის პირველი მაღაზია კალიფორნიაში, რომელიც მხოლოდ კაცის ხაზს მოიცავს. გახსნამდე, შიგნით შეხედვის შესაძლებლობას WWD გვაძლევს.

მზიანი კალიფორნიისთვის შესაფერისად მაღაზია ფერადოვნებით გამოირჩევა, ამ მხრივ კი ყურადღებას, პირველ რიგში, ვიტრინა იქცევს. პირველ სართულზე, ერთი კედელი პორტუგალიელი არტისტის, მარისა ფერეირას, უჟანგავ ფოლადსა და სარკეებზე შესრულებული აკრილის სამგანზომილებიანი ნახატით არის დაფარული. მაღაზიის ცენტრში, იატაკზე, განთავსებულია ყვითელი ფერის “გიგანტური კაცის” ქანდაკება, რომელიც ხელებზე მდგომ Louis Vuitton-ის მოდელ ოტავა კვამის გამოსახავს. სკულპტურა დიზაინერ ვირჯილ აბლოს ეკუთვნის, ბრენდის კაცის ხაზის ბოლო კრეატიულ დირექტორს, რომელიც გასული წლის ნოემბერში 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

© WWD

მეორე სართული VIP ოთახს ეთმობა, რომელიც მოყვითალო-თეთრი დივნებითა და სკამებით არის გარშემორტყმული. გარემოს აფორმებს ალექ პრობას კედლის მხატვრობა. იქვე განთავსებულია მკაფიო ლურჯი საფეხბურთო მაგიდა. მის ახლოს დგას ხელით საბეჭდი დანადგარი, რომლის საშუალებითაც მსურველებს ტყავზე საკუთარი ინიციალების დატანა შეეძლებათ.

მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება კოლექციის დიდი არჩევანი. ასევე ფართო სელექცია აბლოს შექმნილი 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან.

შეერთებულ შტატებში ეს იქნება Louis Vuitton-ის მე-8 მაღაზია, რომელშიც მხოლოდ კაცის ხაზის ტანსაცმლისა და აქსეუარების შეძენა იქნება შესაძლებელი.