ელი სააბმა საკუთარი ატელიე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს გახსნა, თუმცა საერთაშორისო აღიარება 21-ე საუკუნის დასაწყისში მოიპოვა, რასაც ძალიან შეუწყო ხელი კაბამ, რომელიც ჰალი ბერის ოსკარის 2002 წლის დაჯილდოებაზე ეცვა. ყველა დიზაინერის კარიერაში შეგვიძლია დავასახელოთ ერთი ლუქი, რომელიც მისი დიდების საწყისად მიიჩნევა. სააბის შემთხვევაში, რომელსაც არაერთი მშვენიერი კოლექცია აქვს შექმნილი, ასეთი ლუქი სწორედ ეს კაბაა.

გარდა იმისა, რომ ჰალი ბერი იყო ჰოლივუდის პირველი ვარსკვლავი, რომელმაც, კინო ინდუსტრიაში წლის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენის წითელ ხალიჩაზე, Elie Saab ჩაიცვა, ამ მომენტმა მთლიანად ლიბანი შექმნა მოდის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ქვეყანად. „ახლო აღმოსავლეთის პარიზი“, დღეს ლიბანს ასე მოიხსენიებენ და არ იქნება გაზვიადებული, თუ დავწერთ, რომ ამას ბიძგი, დასავლურ კულტურაში, სწორედ სააბის წარმატებამ მისცა.

ჰალი ბერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მსახიობია, თუმცა ოსკარის 2002 წლის დაჯილდოებაზე, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება კიდევ ერთმა გარემოებამ განაპირობა. ის პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა, რომელმაც ამერიკის კინო აკადემიის უდიდესი ჯილდო მთავარი როლის შესრულებისთვის მიიღო. ეს ისტორიული მომენტი მოექცა ყველა წამყვანი გამოცემის და ტელევიზიის მთავარ სიახლეებში, რამაც ელი სააბს ნებისმიერი დიზაინერისთვის საოცნებო ყურადღება მოუტანა.

2003 წელს, პარიზის მაღალი მოდის საბჭომ, გამონაკლისის სახით, ელი სააბი Haute Couture მოდის კვირეულში მიიწვია, ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიც არიან: Chanel, Dior, Armani და Versace. 2003 წლის ივლისში, ლიბანელმა პარიზში პირველი ოტ კუტიურ შოუ გამართა. დღეს ელი სააბს წითელი ხალიჩის მეფედ მოიხსენიებენ, მის კლიენტებს შორის კი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული ქალები არიან.