თითზე ჩამოსათვლელია ბრენდები, რომლებსაც იმდენად ძლიერი ენერგეტიკა აქვთ, როგორც ვერსაჩეს. “ყოველთვის მომწონდა მეამბოხე ქალები, თავდაჯერებული, ჭკვიანი და ცოტაც დივა,” -ამბობს დონატელა ვერსაჩე. 1997 წელს, როდესაც ვერსაჩეების მოდის იმპერიას სათავეში დონატელა ჩაუდგა, მის მიმართ ბევრი სპეკტიკურად იყო განწყობილი. საზოგადოება ყურადღების მიღმა ტოვებდა ფაქტს, რომ დონატელა ჯანი ვერსაჩეს მთავარი მუზა იყო. სწორედ მისი შეუპოვარი ხასიათი, ენერგეტიკა და გაბედულება შთააგონებდა ბრენდის იდენტობას, რომელიც დღეს სხვადასხვა ფორმით თუმცა მაინც თვალსაჩინოდ ვლინდება. თუ წარსულში ეს იყო მეტად როკ’ნ როლ გლამური, ახლა ვხედავთ რომ ვერსაჩემ მიმართულება იცვალა და ერთი შეხედვით არაბუნებრივი გეზი აიღო – გრანჟი, გოთიკა ხვდება 2000-იანი წლების ფერად და არასერიოზულ სტილს.

2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ დონატელამ ჯერსის შავი კაბებით გახსნა, პირველი პოდიუმზე ჯიჯი ჰადიდი გამოჩნდა, ბოლოს კი – 2000-იანების პოპ კულტურის შეუცვლელი ფიგურა პერის ჰილტონი. ვის წარმოუდგენია ვერსაჩე სუპერმოდელების და პოპ-კულტურის აიქონების გარეშე?

მაშინ როდესაც ვერსაჩე ახალი მიმართულებების აღმოჩენას განაგრძობს, დოლჩე&გაბანა უკვე კარგად მივიწყებულ ძველს კიმ კარდაშიანის დახმარებით უბრუნდება. 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულს დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა მომზადებულები შეხვდნენ, რასაც ვერ ვიტყვით გასულ დეკადაზე. 2010-იანებიდან იტალიური მოდის პიონერებმა რეალობასთან კონტაქტი დაკარგეს. მათი გლობალურად აღიარებული ფემინური, რომანტიკული და სექსუალური სტილიც ეტაპობრივად გაქრა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბრენდის გაყიდვების კლებაზე.

გასული წლების კოლექციებთან შედარებით, 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის შემოთავაზება მაქსიმალურად ნეიტრალურ და არა მყვირალა ფერებში არის გადაწყვეტილი, აქ ჭარბობს შავი, თეთრი, ვერცხლისფერი და კრემისფერი. მოდელებს შორის ვხედავთ + ზომის გოგონებს, ხოლო დიდ ეკრანზე კიმ კარდაშიანს, რომელიც ტრადიციულ იტალიურ პასტას მიირთმევს. ერთი შეხედვით, ეს დოლჩე&გაბანას ყველაზე მისაღები შოუა, რომელიც ბოლო წლებში გვინახავს, თუმცა ცხადია, რომ მომავალში ბრენდის იმიჯის განახლება უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე არქივების რეინტერპრეტაცია და კიმ კარდაშიანთან თანამშრომლობაა.

სექსუალური, გაბედული, მაღალი ხარისხის დახვეწილი სამოსი, სადღესასწაულო განწყობა და ენერგია, სწორედ ეს ხდის მილანის მოდის კვირეულს განსაკუთრებულს, თუმცა იტალიური მოდის უპირატესობას ალტერნატიული ხედვის არსებობაც განაპირობებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონია. დოლჩე&გაბანას #CiaoKim-ის და ვერსაჩეს სუპერმოდელების გვერდით ადგილს იკავებენ პრადა და არმანი.

კონტრასტის აღქმა ისეთი ადვილი არასდროს ყოფილა, როგორც მაშინ, როდესაც პერის ჰილტონის და კიმ კარდაშიანის პარალელურად, პრადას ჩვენებაზე დანიელი რეჟისორის ნიკოლას ვინდინგ რეფნის ხელწერა ვიხილეთ. რეფნისთან კოლაბორაციით, მიუჩია პრადამ და რაფ სიმონსმა კრიმინალური დრამის და ჰორორის ელემენტები პოდიუმზე წარმატებით შეიტანეს. დომინანტ ფერად კი, რა თქმა უნდა, ნაცრისფერი შეარჩიეს. ლოკაციის გაფორმებითა და მუსიკით შექმნილი მისტიკური ენერგია მიუჩიამ და რაფმა ფაქიზი ქსოვილებით და მინიმალისტური დიზაინით დააბალანსეს.

რაც შეეხება ჯორჯო არმანის, როგორც ყოველთვის, ლეგენდარულმა დიზაინერმა მომენტის ტრენდებისგან განსხვავებული გზა აირჩია. არმანიმ სტუმრებს მოსაწვევად მოოქროვილი ბამბუკი გაუგზავნა და ამ გზით მათ ერთგვარი მინიშნებაც მისცა. ორ ნაწილად გაყოფილ კოლექციაში განსხვავებული კულტურებისთვის დამახასიათებელი დეტალები არმანის ჩვეული სინაზითა და ელეგანტურობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ტროპიკული სტილის სიმარტივე და დახვეწილობა კოლექციას საუცხოო ხიბლს მატებდა.

პოსტ-პანდემიურ მოდის ინდუსტრიაში, სადაც დიზაინერების უმრავლესობა ცდილობს 2 წლიანი იძულებითით პაუზის შემდეგ ხმაურით დაბრუნდეს, არმანიმ მილანის მოდის კვირეული გამორჩეულად მშვიდ და სასიამოვნო ნოტაზე დაასრულა.