ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, იტალიურმა ბრენდმა, Liu Jo-მ ტოპ მოდელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბრენდი ქენდალ ჯენერისგან 1.8 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.
კომპანიის სარჩელში მითითებულია, რომ ბრენდს და ჯენერს შორის შეთანხმება 2019 წელს შედგა. შეთანხმების მიხედვით, ქენდალს მონაწილეობა უნდა მიეღო Liu Jo-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის და შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიებში.
2 სარეკლამო ფოტოსესიისთვის ამერიკელი მოდელის ანაზღაურება 1.5 მილიონ დოლარად განისაზღვრა.
პირველი ფოტოსესია 2019 წლის ივლისში გაიმართა. ფოტოები, ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე, 2020 წლის თებერვალში გავრცელდა. ბრენდის მტკიცებით, სწორედ თებერვალში, ტოპ მოდელს 1.35 მილიონი დოლარი გადაუხადეს. მეორე ფოტოსესია, ლონდონში, 2020 წლის მარტში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის პირველი ტალღის გამო, გადაღება გადაიდო.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2020 წლის მარტის შემდეგ, იტალიურმა ბრენდმა რამდენჯერმე სცადა გადაღებისთვის ახალი თარიღის შერჩევა, თუმცა უშედეგოდ, “ჯენერმა ყველა შესაძლო შეთავაზებაზე და მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა,” რის გამოც, ბრენდს მოუწია ეპოვა შემცვლელი მოდელი და ხელახლა დაეგეგმა სარეკლამო კამპანია.
საბოლოოდ, ქენდალის მეორე ფოტოსესია Liu Jo-სთვის არ შედგა, რაშიც ბრენდი სწორედ მოდელს ადანაშაულებს. ქენდალ ჯენერს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.