ბარსელონაში, მე-19 საუკენეში აგებულ Casa Tomas Roger-ის შენობაში მოწყობილი სივრცის ვიზუალურ იდენტობას ქართული ასოები გამოხატავს. დარიალი ჯაბა დიასამიძის განხორციელებული ოცნებაა თანამედროვე კონცეპტუალურ მაღაზიაზე, სადაც ხელოვნება სტუმრის მოთხოვნებს ხვდება და მას ახალი გამოცდილების მიღებას სთავაზობს.

თაღებიან ადგილას, რომელსაც ჭერზე მიბჯენილი ოქროსფერი პალმები აფორმებს, წარმოდგენილია ტანსაცმლისა და აქსესუარების ასზე მეტი დიზაინერის ნამუშევარი, სახლისთვის განკუთვნილი ნივთები, წიგნები. მასში ასევე განთავსებულია გალერეა და რესტორანი.

© José Hevia

დიზაინერებს შორის შევხვდებით როგორც უცნობ, ისე კარგად ნაცნობ სახელებს, რომელთა შორისაც არიან: ჰაიდერ აკერმანი, დრის ვან ნოტენი, მეისონ მარჯიელა, იოჯი იამამოტო, ოლივიე თეისკენსი, ჯეიდაბლიუ ანდერსონი, თომ ბრაუნი, რაფ სიმონსი, ჯაბა დიასამიძე.

© Wallpaper

იშვიათ წიგნებთან ერთად წავაწყდებით BANG & OLUFSEN-ის, MARIAGE FRÈRES-ის, LOMOGRAPHY-ის და სხვა ბრენდების დიზაინს. რესტორან Le Léopard-ში, რომლის სკამებსაც წითელი ხავერდი ფარავს, ფრანგული, ესპანური და იტალიური სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი. გალერეა კი თანამედროვე არტისტების გამოფენების ნახვის შანსს იძლევა.

© José Hevia

დარიალის კარები ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის 8 ოქტომბერს გაიხსნა, თვის ბოლოს სივრცეში წარმოდგენილი პროდუქცია გასაყიდად ონლაინაც გამოჩნდება, მის ოფიციალურ საიტზე.

31 ოქტომბერს თბილისში მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება, რომელსაც ჯაბა დიასამიძე გამოაკლდა, რაც მის ახალ საზრუნავს, დარიალს, უნდა დავუკავშიროთ. ეს ნამდვილად არ იქნება შეუმჩნეველი დანაკლისი, რადგან დიასამიძე თავისი დამოკიდებულებით, ენთუზიაზმით და შემოთავაზებული ხარისხით აქ ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დგას.