2015 წელს, Forbes – ის ცნობით, ბარ რაფაელი ისრაელში ყველაზე მდიდარი ტოპ მოდელი იყო. Sports Illustrated – ის მოდელის ქონება 20 მილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, რაფაელის შემოსავლებს მხოლოდ მისი წარმატებული სამოდელო კარიერის ხაზგასასმელად არ იხსენებენ.
გასულ კვირას, გაწელილი სასამართლო პროცესების, სკანდალური ჰედლაინების და არგუმენტების შემდეგ, სასამართლომ ტოპ მოდელი და დედამისი ისრაელში გადასახადებისგან თავის არიდებაში დამნაშავედ ოფიციალურად ცნო. ისრაელის საგადასახადო სამსახური ტოპ მოდელს 1.5 მილიონი დოლარის დაფარვას ედავებოდა, რაც გასულ კვირას, სასამართლოში დამტკიცდა. შედეგად, ბარს 9 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის გაწევა დაევალა, ხოლო დედამისი, Tzipi Refaeli 16 თვეს ციხეში გაატარებს.

ბარ რაფაელიმ მოდელობა 15 წლის ასაკში, მშობლიურ ისრაელში დაიწყო. საერთაშორისო აღიარება ამერიკაში Sports Illustrated – ის საცურაო კოსტიუმების გამოცემასთან თანამშრომლობის შემდეგ მოიპოვა. რაფაელი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მოდელად ითვლება. ჟურნალ მაქსიმის მიერ, 2012 წელს, ბარი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალადაც დასახელდა.