ცვლილება, ზრდა, განვითარება, ადამიანური საწყისის შემეცნება და ბუნებასთან სიახლოვე – ის თემებია, რომლებსაც პირველი ციფრული ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში ირის ვან ჰერპენი თავის ერთადერთ ნამუშევარში აერთიანებს.
Transmotion – გადასვლა ერთი მდგომარეობიდან, ფორმიდან, ადგილიდან მეორეში – დიზაინერის ქმნილების და მასთან დაკავშირებით გადაღებული ვიდეოს სახელწოდებაა. ყვავილის ფოთლის ფორმის, სიმეტრიული, აბრეშუმის ორგანზას თეთრი კაბა ცენტრში განთავსებული ლაზერით ამოჭრილი შავი ატლასის ტოტებით და მათგან წამოსული გამჭირვალე ღეროებით, რომლებიც მძივებით ბოლოვდება, სწორედ დასაწყისის, აღზრდის, გარდაქმნის, აყვავების ფილოსოფიას მოიაზრებს.
კაბის შექმნის პროცესი
ვიდეოში მონაწილეობს Carice van Houten, რეჟისორი: Ryan McDaniels.
ამ სეზონზე სკიაპარელის მოდის სახლმა ახალი კოლექციის პრეზენტაციის ნაცვლად დენიელ როუზბერის ესკიზები და პატარა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც შეგვიძლია ვნახოთ როგორ მუშაობს მათზე დიზაინერი.
„ეს არის ისტორია იმ კოლექციისა, რომელიც შეიძლებოდა შექმნილიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ეს მშვენიერი, მტკივნეული აღიარებაა, რომ რესურსების არქონის გამო იმავე ფორმით ფუნქციონირება ვერ შევძელით.“
დენიელ როუზბერი, სკიაპარელის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ესკიზები გამოყენებული იქნება წინასწარი შეკვეთებისთვის, ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება კი დეკემბერში ლოს ანჯელესში გაიმართება.