იოჯი იამამოტოს ცხოვრება პარადოქსია

„მოდას მისი შექმნით უარვყოფ.“

მას არც დიზაინერის გავრცელებული იმიჯი ერგება

„როდესაც მოდის დიზაინერის იმიჯზე ვფიქრობ, ტენდენციები მაგონდება. უნდა ვიფიქრო იმაზე თუ რა არის ახალი, რა იქნება შემდეგში, რა სურთ მომხმარებლებს, რაც ჩემგან ძალიან შორს არის. ამიტომ დასაწყისიდანვე მინდოდა თავად სამოსი დამეცვა მოდისგან და ამავდროულად ქალის სხეულიც რაღაცისგან – შესაძლოა კაცის თვალისგან ან სუსხიანი ქარისგან. მინდოდა ხალხს ჩემი ტანსაცმელი მინიმუმ 10 წელი მაინც სცმოდა.“

უნდა ქალების მიმართ არსებული დამოკიდებულება შეიცვალოს

“ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემი წარმოდგენილი ქალი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ევროპაში გავრცელებულ სტერეოტიპებს. დღესაც კი ძალიან ბევრი ჩვენება იმართება, რომელთა მიზანია ქალები “სექსუალურები” წარმოაჩინონ. მე კი ეს თავიდანვე მძულდა. ქალები მიყვარს, ამიტომ არ მინდა მათ თოჯინებივით ეპყრობოდნენ.” 

თუმცა მათი ბოლომდე მაინც არ ესმის

„მე კაცი ვარ. კაცად დავიბადე და კვლავ კაცი ვარ. გეი არასდროს გავმხდარვარ. მარტივად შემიძლია გავიგო როგორ ვიგრძნობ თავს რაიმე კონკრეტულის ჩაცმის შემთხვევაში? შემიძლია წარმოვიდგინო. რაც შეეხება ქალის სამოსს… ისევ არ მესმის როგორ გრძნობს ქალი თავს, როცა ჩემი სამოსი აცვია, ამიტომ უფრო სერიოზული გავხდი ქალის სამოსის შექმნასთან მიმართებაში. ასევე მგონია, რომ თუ მოდის დიზაინერობა, კოსტუმის დიზაინერობა, დრესმეიქერობა გინდა, წარმატებული უნდა იყო ქალებისთვის რაღაცების შექმნაში. მამაკაცების და ქალების სხეულები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ქალის სხეულს დელიკატური, თხელი მხრები აქვს. ქალებს ძალიან რთული, მრგვალი, ლამაზი ‘მთები’ აქვთ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარშემო ქსოვილზე მუშაობა. რაც შეეხება მამაკაცებს, ეს ძალიან მარტივია – მაისური, ქურთუკი, შარვალი. სწორად დგას. მე ქალის ზურგის ფორმაზე ვარ დამოკიდებული. მიყვარს ის. განსაკუთრებით სიმრუდე, ვიწრო წელი, მერე, თანდათანობით, თეძო. ჩემთვის ზურგი ყველაზე მნიშვნელოვანია.”

Yohji Yamamoto Spring/Summer 2018

თავიდან კაცის ტანსაცმლის შექმნა უნდოდა ქალებისთვის

“მამაკაცის სამოსის დიზაინი უფრო უბრალოა. ბევრად სადაა და არავითარი დეკორაცია არ აქვს. ქალებს უნდათ ეს. როდესაც დიზაინერობა დავიწყე, მამაკაცების ტანსაცმლის შექმნა მინდოდა ქალებისთვის. მაგრამ მისი მყიდველები არ იყვნენ. ახლა არიან. სულ მიკვირდა, ვინ გადაწყვიტა, რომ ქალისა და მამაკაცის სამოსს შორის განსხვავება უნდა ყოფილიყო. ალბათ მამაკაცებმა გადაწყვიტეს.”

ის, როგორც მოდის დიზაინერი სრულიად განსხვავებულ გზას გაჰყვა

„ჩემი კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი ძლიერი დიზაინერი იყო. ისეთები, როგორებიც არიან: მისტერ კენზო, ივ სან ლორანი, ჟან-ჩარლზ დე კასტელბაჟაკი, სონია რიკელი. თავს არაფრად ვგრძნობდი. ბოლოს ჩემი გზა ავირჩიე, გადავწყვიტე არ ვყოფილიყავი ისეთი დიდებული დიზაინერი, როგორსაც ზოგადი გაგება გულისხმობს. მოდის ცალკე მხარეს მუშაობა ვარჩიე, რომელიც მეინსტრიმს უპირისპირდებოდა, ქუჩის სივიწროვიდან, მის ბნელ, გიჟურ, არასწორ მხარეს წავედი.“

Yohji Yamamoto in “Notebook On Cities And Clothes,” Dir. Wim Wenders

მაგრამ დიზაინერობა მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა. უნდოდა კარგი ბიჭი ყოფილიყო

„მამაჩემი არ მახსოვს, ჩვენგან წავიდა, როცა ბავშვი ვიყავი, წლის და 3 თვის. ჩემში ის არ არსებობს. დედამ დაიწყო ჭრა და კერვა, რათა ჩემთვის საკვები მოეტანა, განათლება მოეცა. ძალიან ბევრს შრომობდა. მე მინდოდა მშრომელი დედის კარგი ბიჭი ვყოფილიყავი. ბიჭი, რომელსაც თავისნაირი მშრომელი დედა იმსახურებდა და გავხდი კარგი ბიჭი. ძალიან ცნობილ უნივერსიტეტში გამოცდები კარგად ჩავაბარე. როცა სწავლა დავასრულე, სიცარიელის გრძნობა მქონდა. ბავშვობიდან გავიაზრე, რომ ცხოვრება უსამართლოა. ხშირად მეფიქრებოდა: „არ მინდა არავინ ვიყო, ცხოვრება უსამართლოა.“ დედას მაშინ უკვე მაღაზია ჰქონდა. იაფ, ჩვეულებრივ სამკერვალოში მკერავად მუშაობდა, ეტაპობრივად წარმატებული გახდა და თავისი მაღაზიაც გააკეთა. სწავლის დასრულების შემდეგ, ვკითხე: „შემიძლია მაღაზიაში დაგეხმარო?“ ამ კითხვის დასმისთვის 2 კვირა არ მესაუბრებოდა. საბოლოოდ, ჩემი ნამდვილი მე ვაჩვენე, მან მიპასუხა: „მაშინ შემოდგომისთვის ჭრა უნდა ისწავლო და სასწავლებელში (ამჯერად დიზაინის) მოხვდე.“ გახარებულმა ვუპასუხე: „კი, გასაგებია. კვლავ სტუდენტი გავხდები!“ გამოცდები დიზაინის ძალიან ცნობილ სკოლაში ჩავაბარე. სკოლაში ცოტა ბიჭი სწავლობდა. მე მაშინ ისიც არ ვიცოდი, რომ არსებობს ბიზნესი, პროფესია სახელად მოდის დიზაინერი. იქ მასწავლეს, რომ არსებობს ბიზნესი „მოდის დიზაინი“ მაგრამ მაინც ვერ ვიაზრებდი. მე უბრალოდ ტანსაცმლის შექმნის სწავლა მინდოდა, ჭრა და კერვა.“

ცხოვრებაზე წარმოდგენა ადრეული ასაკიდან შეიქმნა და მიზანიც დაისახა

“ომის ქვრივის ერთადერთ შვილად გავჩნდი და იმ მომენტიდან დაიწყო ჩემი რისხვა. სამი, ოთხი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ ცხოვრება ძალიან რთული იქნებოდა. უნდა მებრძოლა. დედაჩემი უნდა დამეცვა.” 

წინააღმდეგობის გაწევა ცხოვრების წესად ექცა

 “თავიდან მინდოდა ძალიან აგრესიული ვყოფილიყავი, გამომეწვია ხალხის იდეა სილამაზეზე და კონსერვატიული ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლა. ყოველთვის ვიბრძოდი.”

მიუხედავად ამისა, იცის, რომ ჯერ კარგად უნდა გაიგო საგანი და შემდეგ შეეწინააღმეგო

 “მხოლოდ ტრადიციის ხანგრძლივ გზაზე მოგზაურობის შემდეგ შეძლებ დაუპირისპირდე რაიმეს და რაღაცას შენით მიაკვლიო.”

მისი განსხვავებული მიდგომა სასურველი სიახლე აღმოჩნდა

“უბრალოდ ძალიან გამიმართლა. ხალხი ელოდებოდა თუ როდის დაუბერავდა ახალი ქარი… ძალიან ბევრი მოდური ადამიანი დაღლილი იყო სტერეოტიპული, ფერადი, გოგოური მოდით — ისინი რაღაცის მოლოდინში იყვნენ და ეს ასე მოხდა.”

მალე მას მაესტროს უწოდებდნენ

„შვიდიდან ათ წლამდე იყო გასული, როცა ხალხმა ჩემთვის მაესტროს წოდება დაიწყო. გაკვირვებული ვიყავი. ქუჩის ბნელ მხარეს მივდივარ, რატო უნდა მეწოდოს მაესტრო? მე არ ვარ მაესტრო. მე უბრალოდ ანტი, პანკი დიზაინერი ვარ. ეს კომფორტული იყო. მაესტროდ ყოფნისთვის უხეშობაა საჭირო. მაპატიეთ ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ოჯახის, კომპანიის ლიდერი ვარ. ყველაფრის ლიდერობა ცოტა არ იყოს რთულია. ასე რომ ბუნებრივია, როცა გაუჩნარების სურვილი ჩნდება. ზოგჯერ პასუხისმგებლობების ტვირთი ძალიან მძიმეა. მაგრამ როცა მორგებებს ვატარებ, როცა ახალი კოლექციისთვის ვიწყებ მორგებას, მხოლოდ ამ მომენტში ვხდები ძალიან ჯანსაღი და აღელვებული. ახალი ლუქი, მოდელი იცვლის, ის გამოდის. ვაუ. ეს მაბედნიერებს, მასევდიანებს, მაბრაზებს, ბევრ ემოციას იწვევს ჩემში, მაგრამ ვძლიერდები. ეს ყველაზე დიდებული მომენტია.“ 

1993

ზედმეტ ფერებს თავიდანვე ერიდებოდა

“ქალაქში ძალიან ბევრ სტილს, ფერს, დეკორაციას ნახავ, რაც ძალიან უშნოდ გამოიყურება. ვიგრძენი, რომ ხალხის თვალებზე ცუდად არ უნდა მემოქმედა საშინელი ფერების გამოყენებით.”

იოჯი და შავი – დიზაინერის და ფერის ყველაზე ინტიმური ურთიერთობაა

„შავი ერთდროულად მოკრძალებულიცაა და მედიდურიც. შავი ზარმაცი და მარტივია — მაგრამ მისტიური. თუმცა, უპირველესყოვლისა, შავი ამას ამბობს: მე შენ არ გაწუხებ — ნურც შენ მომაბეზრებ თავს.“

Yohji Yamamoto Fall/Winter 1984

და მისი შავი არავისას ჰგავს

“ზოგჯერ ვხვდები მოდურ ადამიანებს, რომლებსაც მახინჯი, ბინძური შავი აცვიათ. ჩემი შავი წითლიდან, ყავისფერიდან და ტალახიდან მოდის. ყოველთვის წითელ შავთან ვმუშაობდი. ზოგჯერ ნათელ ფერსაც ვიყენებ, შავის ასამაღლებლად – რომ უფრო შავი გავხადო.”

სრულყოფილება მისთვის სიმახინჯეა

“ვფიქრობ, სრულყოფილება უშნოა. მინდა, ადამიანის ქმნილებებში ხარვეზს, დაზიანებას, დარღვევას, დეფორმაციას ვხედავდე.“

Yohji Yamamoto Spring/Summer 1999

არ უნდა, რომ მისი შემოქმედება ყველასთვის მისაღები იყოს

„სამუშაოს მიმართ დამოუკიდებელი, ეგოისტური მიდგომა მაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც არსებული მიდგომის საწინააღმდეგოდ მუშაობა მოსწონთ. მე წინააღმდეგობრივად ვქმნი. თუ ამ შეგრძნებას დავკარგავ, თუ ჩემი ნამუშევარი ძალიან მიღებული გახდება, ალბათ, ენერგიას და სამოსის შექმნის ჩემეულ გაგებას დავკარგავ.“

მომავალზე ორიენტირებულია

“მძულს უკან გახედვა. მხოლოდ წინ ვიყურები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღლილობას ვგრძნობ. არ ვთვლი, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე. სიახლეები უნდა დავნერგო. რისი საშუალებითაც სვლას განვაგრძობ არის ეს რიტმი, ეს იმპულსი. დაკმაყოფილებული არასოდეს ვარ. უფრო უკეთესისაკენ ლტოლვა ჩემი ძრავაა. მუდამ კონკურენტის ძიებაში ვარ, რომელიც ჯერ ვერ ვიპოვე.”

უკონკურენტობას განიცდის

„მე დრესმეიქერი ვარ, რომელიც თითქმის ერთი და იმავე რამეს უკვე ორმოც წელზე მეტია აკეთებს. ანტი-მოდას წარმოვადგენდი. ანტი-ტრენდს. მაგრამ წლიდან წლამდე ძალიან მნიშვნელოვან დიზაინერებს ვკარგავთ. ჩემი მხრიდან, კონკურენტებს ვკარგავ. აზადინი. ალექსანდრ მაკქუინი. თავს დაკარგულად ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ვკარგავ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ბრძოლას შევძლებდი. გესმით?“

სხვებს სტილისტებად უფრო აღიქვამს, ვიდრე დიზაინერებად

“ვფიქრობ, უფრო კარგი დიზაინერი გავხდი. დანარჩენები პარიზში სტილისტები არიან და არა ნამდვილი შემოქმედები. ტანსაცმლის შემოქმედი ძალიან ცოტა დარჩა.“

ალაია, ჟივანში, ლაგერფელდი… იოჯის თაობის დიზაინერები წასვლას განაგრძობენ

„თავს ძალიან მარტო ვგრძნობ და პარიზის მოდას ვუმკლავდები. ძალიან ბევრ მეტოქეს ვკარგავ.“

 ახალ თაობას კი სკეპტიკურად უყურებ

„ახალ თაობას სუნთქვის დრო არ აქვს. უნდა შეწყვიტონ თავიანთი ეკრანების ყურება. ისინი მსოფლიოზე თავიანთ კომპიუტერებზე დაყრდნობით იყალიბებენ აზრს, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან. ჩემთვის არ არსებობს კონკურენცია. ჩემს დონემდე მოსული ჯერ არავინ მინახავს. არ მყავს კონკურენტი. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა.“

და რჩევას აძლევს

“ნება მომეცით ვილაპარაკო როგორც მოხუცმა. ახალგაზრდებო, ფრთხილად იყავით. ლამაზი რამეები ყოველდღე ქრება. ფრთხილად იყავით… არ გჭირდებათ სწრაფი მოდის მაღაზიებში ვაჭრობა, განსაკუთრებით ახალგზარდებს. ახალგაზრდობის გამო ისინი ისედაც ლამაზები არიან. ამიტომ უბრალო ჯინსის და მაისურის ტარებაც შეუძლიათ. ეს საკმარისია. ნუ იქნებით ზედმეტად მოდურები… ბრენდის რეკლამა გაგიჟებთ. არ არის აუცილებელი ზედმეტად სექსუალურები იყოთ. ისედაც საკმარისად სექსუალურები ხართ.”

სწრაფ მოდას საზიანოდ მიიჩნევს

„სწრაფმა მოდამ ყველაფერი გაანადგურა. ხალხი ტანსაცმელს ტყუილ-უბრალოდ ხარჯავს. ყიდულობენ და ყიდულობენ; ზოგჯერ არც კი იცვამენ და საბოლოოდ ნაგავში აგდებენ. ეს დაბინძურებაა. ზოგი პროდუქტიც კი, რომელთა საშუალებითაც ტანსაცმელი იქმნება, ტოქსიკურია. უკვე ისედაც იმდენი უსარგებლო ნარჩენია მსოფლიოში. რამდენი თვითმფრინავი დაფრინავს ამ მომენტში ცაში? დედამიწა უფრო ხურდება. გაბრაზებულია. მართლა უნდა ვიფიქროთ თუ როგორ ვმართოდ უკეთესად ჩვენი ინდუსტრია. არ ვარ გარემოს დაცვის სპეციალისტი, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ძლიერად ვგრძნობ, რომ დედამიწა გაბრაზებულია. ყველა უნდა დავმშვიდდეთ. ნუ ვიჩქარებთ. დამღლელები არიან ისინი, ვისაც ყოველთვის მეტი უნდათ. ფული მოსაწყენი რამ არის, არ მეთანხმებით? ის რაც კომფორტის მოტანის საშუალებად მიიჩნევა ხალხს არაკომფორტულს ხდის.“

ახალგაზრდებს ასევე ეუბნება, რომ კოპირება მისაღებია

“ახალგაზრდებს რეალურად ჯერ კიდევ არ აქვთ ინდივიდუალობა თუ საკმარისი ძალა. ამიტომ ვეტყვი, რომ შეუძლიათ გადააკოპირონ ის, ვინც ძალიან მოსწონთ. გადააკოპირეთ და აკოპირეთ იქამდე, სანამ კოპირების ბოლოს საკუთარ თავებს იპოვიდეთ.” 

ვისაც აკოპირებენ იმისთვის კი საპატიო ქმედება

„კარგია, როცა გაკოპირებენ. ეს პატივია.“

მაგრამ უნდა, ყველას გააგებინოს, რომ საკუთარ თავად ყოფნა უპირატესობაა

“მთელი ამ წლების განმავლობაში, მოდის მთავარ გზას აცდენილი დავდიოდი, გზის ბნელ მხარეზე. ვყვიროდი ‘ანტი-მოდა’, ‘იქონიე ხედვა’, ‘იყავი საკუთარი თავი’, ‘იპოვე შენი ცხოვრება’. ამას ადრეც ვყვიროდი და ახლაც ვყვირივარ.“

და სთავაზობს გამოსავალს თუ როგორ არ უნდა გახდნენ მოდის მსხვერპლები

“ეს ძალიან მარტივია: არ გადააკოპირო შენი მეგობარი. ნუ მიეკუთვნები ჯგუფს. საკუთარი თავი იყავი. დარჩი ცოტათი მონოტონური, ნუ გაყვები მოდის მეინსტრიმს. ტენდენციები დაგაბინძურებს.”

თავად არსად ეძებს შთაგონებას

“ინსპირაციის საპოვნელად არსად დავდივარ. არასდროს მივდივარ კინოს სანახავად ან მუზეუმში. ყოველ დილით, ტოკიოში, წვიმაა თუ თოვლი, სასაფლაოს ბაღში, ძაღლი გამყავს სასეირნოდ და გარდაცვლილ ხალხთან ვსაუბრობ. ვჯდები ვიღაცის საფლავზე და ვეწევი. ზოგჯერ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ჰაერი საოცრად გამაცოცხლებელია, თანაც იქ ძალიან ბევრი ხეა. ეს ჩემი ყველაზე ბედნიერი მომენტია. სხვა დროს თავს ძალიან იზოლირებულად ვგრძნობ. იდეები მანქანის მართვის დროსაც მებადება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მოძრაობისას იდეები შემოდენას იწყებენ…”

ძაღლი მისი განუყრელი მეგობარია

„დიდი ძაღლია, გოგო, ძალიან უხეში, ძალიან უცნაური. მას ვუყვარვარ, მეც მიყვარს. ყოველთვის ერთად ვართ. უბრალოდ მასთან ერთად ვარ. დილით ძალიან ადრე ვსეირნობთ. ტოკიოში უზარმაზარი სასაფლაოს ბაღია, რომელიც ულამაზესია დილის ჰაერზე, სუფთა ჰაერზე. მერე მზე ამოდის და სასაფლაოზე ჩემს პირველ ღერს ვეწევი. გემრიელია.“

ტექნოლოგიას ერიდება

“არ შემიძლია ტექნოლოგიას შევეხო. მაშინებს.” 

მთელ ცხოვრებას მისთვის რამდენიმე არჩევანი განსაზღვრავს

“რამდენიმე არჩევანის გაკეთება გვიწევს, რათა ის ან სამოთხედ, ან ჯოჯოხეთად ვაქციოთ.” 

ერთ-ერთი არჩევანი სამოსს უკავშირდება

„ტანსაცმლის შერჩევა ცხოვრების არჩევაა.“

Yohji Yamamoto Spring/Summer 1999

ცხოვრებისადმი ბოდიშის მოხდის საჭიროებას გრძნობს

„ჩემს ცხოვრებას „მე მაპატიე“ შეადგენს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ხალხს, ნივთებს, თვითონ ცხოვრებას უნდა მოვუბოდიშო. „ბოდიში, რომ აქ ვარ.“ არავის შეწუხება არ მინდა.“

თვლის, რომ შემოქმედი აუცილებლად უნდა განიცდიდეს ბრაზს

„მოდის დიზაინერი ან არტისტი რომ იყო, უნდა ბრაზობდე.“

თვითონ ღმერთზეც ბრაზობს

„რატომ უნდა ვილოცო ღმერთის წინ? ვინ არის ღმერთი? რა არის ღმერთი? მსოფლიოში უამრავი რამ ხდება, ასევე იაპონიაში. ბიჭები და გოგონები, შეიძლება ორი ან სამი წლისები, საგზაო შემთხვევებს ეწირებიან. ვეკითხები ღმერთს, ‘რა მიზანს ემსახურება შენი გამოცდა? რა მიზანს ემსახურება შენი გამოცდა? ვბრაზდები.“

სიკვდილზე ხშირად ფიქრობს

„ყოველთვის ვფიქრობ და წარმოვიდგენ გაქრობას. შეიძლება მანამდე, სადმე პატარა ქალაქში, არ ვიცი სად, ვინმემ დაინახა იოჯი. ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა ის ნახეს.“

მათ შორის მამის მოგონების დროსაც

„ძალიან უცნაურია. აქამდე მამაჩემზე არ ვფიქრობდი, რადგან საერთოდ არ მახსოვს. ერთი თვის ვიყავი, როცა ომში გაგზავნეს. მასზე არაფერი ვიცოდი. ახლა ვნახე მისი ფოტო. ვხედავ კარგი გარეგნობის მამაკაცს. ეს მამაჩემია? არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული. ოთხი თუ ხუთი წლის წინ დავიწყე მამაჩემზე ფიქრი. არ ვიცი რატომ. შეიძლება საკუთარ აღსასრულზე ვფიქრობდი, რაც ბუნებრივია. ასე რომ, როდესაც დავიწყე ფიქრი როგორი იქნებოდა დასასრული – როგორ შემიძლია დავამთავრო, იტანჯები როცა კვდები? – უეცრად საკუთარი მამა მოვიგონე. მხოლოდ 36 წლის იყო, როცა არმიას შეუერთდა, სულ რაღაც ერთი წლით ადრე, სანამ ომი მორჩებოდა. სამხრეთში გაგზავნეს. მაშინ იაპონურ არმიაში არ იყო დიდი კატარღები, ამიტომ სათევზაო ნავებს იყენებდნენ. როგორ იგრძნობდა მამაჩემი თავს, რომელსაც ასე ეპყრობოდნენ, ეს 36 წლის კაცი? დედაჩემის მეგობარმა, რომელიც საბედნიეროდ დაბრუნდა ომიდან, დედაჩემს უთხრა, ‘ფუმი-სან, იმდენი გემი იძირებოდა, ხუმრობას ჰგავდა.’ საშინელ ხუმრობას. ვფიქრობდი დედაჩემზე და მამაჩემზე. ამასთანავე სულ რაღაც სამი თუ ოთხი წლის წინ ჩემი ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მე კი ვფიქრობდი, შეიძლება ეს მამაჩემია, მამა მაძლევს ბიძგს.“

რა ბედი ეწევა იოჯი იამამოტოს, ბრენდს, იოჯი იამამოტოს გარეშე?

„ვერ წარმომიდგენია საქმიდან წასული ჩემი თავი. ეს მოსაწყენი უნდა იყოს. თანაც რთული წარმოსადგენია ჩემი ბრენდი, ჩემ გარეშე. ვფიქრობ, რომ იოჯი იამამოტო, იოჯი იამამოტოსთან ერთად მოკვდება.“

მაგრამ აზრს ყველა იცვლის, მათ შორის იამამოტოც

“არ მაინტერესებს. მართლა არ მადარდებს იარსებებს თუ არა ბრენდი ჩემი სიკვდილის შემდეგ. ცხოვრება საინტერესო, სახალისო და სასიამოვნოა. მაგრამ როცა მოვკვდები აქ აღარ ვიქნები. და საერთოდ გაქრობის იდეა არის… ძალიან კარგი.”

Yohji Yamamoto Fall/Winter 2015

ნოვატორობისკენ ისწრაფვის, მაგრამ წარსულიც იზიდავს

„არის რაღაც რომანტიკული წარსულში. ის სტიმულს მაძლევს ინტელექტუალურად. მაგრამ ჩემს მიღწევებს არ ვჯერდები. ყოველ სეზონზე მინდა ნოვატორი ვიყო. ეს რიტმი, ეს ბიძგი, არ მაჩერებს. არასოდეს ვარ კმაყოფილი და ბედნიერი ჩემი მუშაობით. „ყოველთვის უკეთესის“ დევნა ჩემი ძრავაა, რომელიც ნოსტალგიაზე უფრო მეტია. პესიმისტი ვარ; დედაჩემი ქვრივი იყო, სიღარიბეში გავიზარდე. ხუთი წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ მსოფლიო უსამართლო იყო. მუცელში ყოველთვის ცეცხლი მეკიდა. რთულია, თუმცა ამ მდგომარეობამ მაიძულა არასოდეს ვყოფილიყავი ჩვეულებრივი.“

სანამ ცოცხალია გაჩერებას არ აპირებს

„გონებაში ვყვირი, არ მოექცე ჩრდილში, ჩრდილში ყოფნა ძალიან კომფორტულია. ყოველ სეზონზე გავაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, ყოველ წელს, ყოველ მომენტში. შესაძლოა საქმიანობა არასდროს შევწყვიტო და მუშაობის პროცესში დავეცე, ეს კი ჩემი ოცნებაა. მზად ვარ ხალხი აღფრთოვანებული ან იმედგაცრუებული დავტოვო.“