Fédération de la Haute Couture et de la Mode – ის ორგანიზებით, 6-დან 8 ივლისის ჩათვლით ოტ კუტიურ მოდის კვირეული ციფრულად მოეწყობა. კოლექციები ოფიციალური კალენდრის შესაბამისად სპეციალურად მისთვის მიძღვნილ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი.

„თითოეული მოდის სახლი კოლექციებს შემოქმედებითი ფილმის/ვიდეოს სახით წარმოადგენს,“ – აღნიშნულია პრეს რელიზში. „დამატებითი კონტენტი მოიცავს პლატფორმის ედითორიალ სექციას. ყველაფერი ფართოდ გავრცელდება მნიშვნელოვან საერთაშორისო მედია საშუალებებში.“

Valentino Couture FW18

ვირტუალურ კვირეულში მონაწილეობის მიღება 41 აკრედიტებულ მოდის სახლს შეუძლია, თუმცა რამდენიმე ბრენდი კუტიურ კოლექციებს მოგვიანებით წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში გამართავენ ჩვენებებს ჯორჯო არმანი და ჟან პოლ გოტიე. აქვე შეგახსენებთ, რომ ჟან პოლის მოდიდან წასვლის შემდეგ მისი ბრენდისთვის ოტ კუტიურ კოლექციებს მოწვეული დიზაინერები შექმნიან, პირველი Sacai-ის Chitose Abe იქნება. გადაიდო ბალენსიაგას ჩვენებაც, რომლისთვისაც დემნა გვასალიას თავისი პირველი ოტ კუტიურ კოლექცია უნდა წარმოედგინა. ასევე უცნობია როდის მოეწყობა ჟივანშის კუტიურ შოუ, რადგან ბრენდი კვლავ შემოქმედებითი ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.

პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულს მიყვება მამაკაცის მოდის კვირეული 9-დან 13 ივლისის ჩათვლით, შემდეგ კი – მილანის მამაკაცის ციფრული კვირეული 14-დან 17 ივლისის ჩათვლით. შეგახსენებთ, ვირტუალური იქნება ლონდონის მამაკაცის მოდის კვირეულიც (იხილეთ სტატია), რომლის ჩატარებაც 12 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით არის დაგეგმილი.