ლონდონში 2024 წლის მოდის დაჯილდოება 2 დეკემბერს, როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართა. ბრიტანეთის მოდის საბჭომ, რომელიც დაჯილდოების ორგანიზატორი გახლავთ, წლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში გამარჯვებულად ირლანდიელი ჯონათან ანდერსონი დაასახელა. ჯონათან ანდერსონი ხელმძღვანელობს საკუთარ ბრენდს, JW Anderson-ს და ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის მფლობელობაში არსებულ ესპანურ ბრენდს – Loewe-ს. ანდერსონი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.
ჯონათანს ჯილდო მსახიობმა ჯეიმი დორნანმა წარუდგინა

ჯონათანთან ერთად, წლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ: ჯონ გალიანო მარჯიელას მოდის სახლისთვის, ჩემენა კამალი ქლოეს მოდის სახლისთვის, მიუჩია პრადა პრადასა და მიუ მიუსთვის, პიტერ მიულიე ალაიასთვის და რიკ ოუენსი საკუთარი სახელობის ბრენდისთვის.
ათწლეულების განმავლობაში, მოდამ არაერთი ბრწყინვალე ხელოვანი აღმოაჩინა, რომელთა ხედვა იმდენად კონცეპტუალური და საინტერესო იყო, რომ აღაფრთოვანებდა მაყურებელს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მოდა მუზეუმების კედლებიდან არ გვიცქერს, არამედ მას ყოველდღიურად ვიცვამთ და ვატარებთ, კონცეპტუალური მოდის სახლების უმრავლესობა ნიშურ ბიზნესებად დარჩა, მათი პროდუქტები არ ხვდება Lyst Index -ის რეიტინგებში, ხოლო შემოსავალი არ აჭარბებს მილიარდს. ჯონათანის გენიალურობა მდგომარეობს მის განსაცვიფრებელ უნარში, შექმნას კონცეპტუალური, უცნაურად ლამაზი და სასაცილო კოლექციები, იმგვარად რომ ბრენდს შეუნარჩუნოს ყოველდღიურად ჩაცმადი მოდის სახლის იმიჯი.