მოდაში მუშაობა ადვილი არასდროს ყოფილა, თუმცა ბოლო 10 წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. გასულ კვირას ზაქ პოზენმა გაავრცელა სიახლე საკუთარი ბრენდის დახურვის შესახებ. „მოდაში ძალიან რთული დროა,“ ამბობს დიზაინერი ვოგთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. „ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ გამიმართლა, რომ საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვა შევძელი.“
ლონდონის Central Saint Martins -ის კურსდამთავრებული, რუსულ – პოლონური ფესვების მქონე ამერიკელი დიზაინერი, ზაქ პოზენი 2000 წელს მოდის ახალი ვუნდერკინდი გახდა. მან აღიარება ძალიან პატარა ასაკში მოიპოვა. 20 წლის განმავლობაში, პოზენი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებს აცმევდა. მის კლიენტებს შორის იყვნენ: ნაომი ქემბელი, რიანა, გვინეტ პელტროუ, უმა თურმანი.
რთული წარმოსადგენია, რომ დიზაინერი, რომელიც ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებების წითელი ხალიჩის უცვლელი ვარსკვლავი, რეალითი შოუების მონაწილე, დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირი და ინდუსტრიის საყვარელი ხელოვანია, ბრენდს ხურავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადია, რომ ყველაფერი არც ისე იდეალურად იყო,როგორც გარედან ჩანდა. ექსკლუზიურ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ზაქ გარკვეული დროის განმავლობაში ბიზნეს პარტნიორს ეძებდა, ვისი დახმარებითაც ბრენდი არსებობას განაგრძობდა, თუმცა შესაფერისი კანდიდატი ვერ იპოვა. ზაქ პოზენის ბრენდში 60 ადამიანი იყო დასაქმებული და ისინი გასულ კვირას უმუშევრები დარჩნენ.