უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა იმ ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსებისა და ხელოვანების სია, რომლებიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა.
ზელენსკიმ უკრაინის წინაშე დამსახურებისთვის III ხარისხის ორდენი გადასცა ბალენსიაგას მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს დემნას და მოძრაობა „ძალა ერთობაშიას„“ წევრ, არასამთავრობო ორგანიზაცია Populus Rei-ის თანადამფუძნებელ – ლანა ღვინჯილიას. შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, პარიზის მოდის კვირეულზე, დემნა ერთადერთი სახელგანთქმული დიზაინერი იყო, რომელმაც ჩვენება უკრაინას მიუძღვნა.
ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შოუ დემნამ უკრაინული ლექსით გახსნა და დახურა. ჩვენებას მხოლოდ ტვიტერსა და ინსტაგრამზე 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. მოგვიანებით, დემნა უკრაინის აღსადგენად ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩიც გახდა.