ვიქტორია სეკრეტის შესახებ ჭორები კიდევ ერთხელ გამართლდა. იანვრის დასასრულს Wall Street Journal – მა გაავრცელა ხმები, რომ ვიქტორია სეკრეტის მფლობელი კომპანიის, L Brands – ის გენერალური დირექტორი, ლესლი ვექსნერი, რომელიც კომპანიის ყველაზე მსხვილი მეწილეც იყო, თანამდებობის დატოვებას და თავისი წილის გაყიდვას გეგმავდა.

რამდენიმე საათის წინ, ვიქტორია სეკრეტის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია. ლესლი ვექსნერი თანამდებობიდან გადადგა და ბრენდის 55% წილი Sycamore Partners-მა 525 მილიონ დოლარად შეიძინა.

დღეიდან L Brands ვიქტორია სეკრეტის საკონტროლო წილს აღარ ფლობს.

ლესლი ვექსნერი L Brands – ის მთავარი მმართველი 1963 წლიდან იყო, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მილიარდერს ცვლილებები აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ თეთრეულის ცნობილი ბრენდის გაყიდვები L Brands – ის ბრუნვის თითქმის ნახევარს შეადგენდა, ვიქტორია სეკრეტის შემოსავალი სეზონურად იკლებდა, რაც ლოგიკურად ბრენდის გაყიდვით დასრულდა.