„ნიუ-იორკერის“ ახალ ნომერში გამოქვეყნებული სტატია ვირჯილ აბლოს, როგორც მომენტის ყველაზე განხილვადი მამაკაცის სამოსის დიზაინერის წარმატებამდე განვლილ გზასა და მიღწეულ მიზნებზე მოგვითხრობს. წარმატების ერთ-ერთი შედეგი, ბუნებრივია, აბლოს მიმართ გაზრდილი ინტერესია. ახლა მის ყველა ნაბიჯს აკვირდებიან და ცდილობენ შეუმჩნეველი არ დარჩეთ არცერთი დეტალი. როდესაც ვირჯილმა იანვარში ოფ-უაითისთვის მამაკაცის კოლექცია წარადგინა, დაიეთ-პრადამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩვენებაზე წარმოდგენილი ლუქების სხვა დიზაინერების ნამუშევრებთან მსგავსება იყო წარმოჩენილი.
სტატიაში ვირჯილი პლაგიატიზმზე ბრალდებებსაც პასუხობს, რომლებსაც უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსება მხოლოდ ყვითელ ქსოვილსა და პატერნში გამოიხატება. თვლის, რომ მსგავსების გამო „განგაშის ატეხვას“ ის ნეგატივი იწვევს, რომელსაც ადამიანი მაგნიტივით იზიდავს და რომელიც კარგზე დომინირებს, სოციალური მედია კი უარყოფით ენერგიას უფრო მეტად ასაზრდოებს. ამასთანავე, პატივისცემა გამოხატა ინსტაგრამის ამ ანგარიშის მიღმა მდგარი დუეტის მიმართ და აღნიშნა, რომ დაიეთ პრადა “შესანიშნავი კონცეფციაა.”
დიზაინერი დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland-ის გამოსვლის შემდეგ მაიკლ ჯექსონთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალსაც შეეხო. ვირჯილმა ლუი ვიტონისთვის შექმნილი თავისი მეორე კოლექცია ლეგენდარულ მუსიკოსს მიუძღვნა, რომელიც ახლა არა თავისი დატოვებული მემკვიდრეობის, არამედ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობის ამსახველი ფაქტების გამო იქცა განხილვის მთავარ საგნად. აბლოს განცხადებით, მან ამ ყველაფერზე არაფერი იცოდა და თავისი ჩვენებით უნდოდა გამოევლინა მაიკლი, რომელიც „უნივერსალურად მიღებული, კარგი მხარის წარმომადგენელი და ჰუმანისტი იყო.“
Update
დღეს ლუი ვიტონის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლექციაში წარმოდგენილი ნაწილები, რომლებიც მაიკლ ჯექსონთან დაკავშირებულ ელემენტებს შეიცავს, მათ შორის წინდები, ხელთათმანები და მაისურები, წარმოებაში აღარ ჩაეშვება. შესაბამისად, როდესაც კოლექცია გაყიდვაში გამოვა, მომხმარებელს აღარ შეეძლება მათი შეძენა.
“დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ბრალდებებს ძალიან სამწუხაროდ და შემაშფოთებლად მივიჩნევთ,” – განაცხადა ბრენდის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მაიკლ ბერკმა. “ლუი ვიტონისთვის მნიშვნელოვანია ბავშთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა.”