ის მომენტის ყველაზე განხილვად ბრენდს, Off-White-ს, და ყველაზე ძვირადღირებული მაღალი მოდის ბრენდის, Louis Vuitton-ის, მამაკაცის ხაზს შემოქმედებითად ხელმძღვანელობს. შემოქმედებითი გენიოსი ნამდვილად არ არის, მაგრამ წარმატების მწვერვალზე მოხვედრა მაინც მოახერხა. სპეციალობით ინჟინერი მოდის დიზაინში მიმდინარე დროის გამოვლინებად და ცვლილების ელჩად იქცა. არატრადიციული და წინააღმდეგობრივი მიდგომით, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით, ხალხის სურვილების და მოთხოვნილების შეცნობის უნარის საშუალებით მან ნიადაგის გაღვივება შეძლო. ვირჯილ აბლო დღეს მოდისთვის დაახლოებით ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორიც, მაგალითად, თავის დროზე ივ სენ ლორანი იყო – რა თქმა უნდა, არა შემოქმედებითი კუთხით, თუმცა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის, პირველ რიგში კი დროის მახასიათებლების გათვალისწინებით. ვირჯილი ვოგს თავის ძირითად საქმიანობაზე და მასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

ბუნებრივია, როდესაც გარკვეულ სფეროში შეაბიჯებ და ამჩნევ, რომ იმ საფეხურზე არ დგახარ, რომელზე ყოფნასაც ისურვებდი, საკუთარი თავის რწმენას კარგავ, ასე იყო აბლოს შემთხვევაშიც. მაშინ ჩათვალა, რომ მენტორი სჭირდებოდა, რომელიც რეალურ სურათს დაანახებდა, რისთვისაც პიტერ სევილს, გრაფიკოს დიზაინერს, მიმართა. „მოსვენებას არ მაძლევდა აზრი, რომ ჩემი დიზაინ ხმა იაფასიანი იყო,“ – ამბობს ის. „და რადგანაც [პიტერი] ჩემთვის ასეთი დიდი ფიგურა იყო, მეგონა, დამეთანხმებოდა და მეტყოდა, რომ დიზაინის დონე ამეწია. მან კი საპირისპირო მომიგო: „როდესაც შენს თაობას ვუყურებ–მიმების კულტურის, ქუჩის სტილის მძვინარებას–საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ამ ყველაფრის მსვლელობის შენარჩუნებაა, ნაცვლად იმისა, რომ ტრადიციასთან დაბრუნებას ეცადო.““

დიზაინერობასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთი დადგენილი სტანდარტი თუ როგორი უნდა იყო. სიყალბე წარუმატებლობისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა, გამართლების დიდი შანსი კი საკუთარი ხედვის და პიროვნების გამოხატვის შემდეგ ჩნდება. „იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ კარგი მხოლოდ მაშინ იქნებოდი თუ მარჯიელა ან რეი კავაკუბო იყავი,“ – აღნიშნავს ვირჯილი. „მე კი მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ სხვა ვიყავი. იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ მოდის დიზაინერობისთვის შეუფერებელი ვიყავი. ეს ძალიან მოუწესრიგებელი ადამიანის სადილისთვის მსგავსებას ჰგავდა, რომელიც ცდილობს სტუმრების მოსვლამდე თავისი საცხოვრებელი დაასუფთავოს. ყველაფერი წესრიგშია, შემდეგ კი სააბაზანოში შედიხარ და გიკვირს თუ რა უნდა მარცვლეულის შესანახს აბაზანაში. როცა მივხვდი, რომ არ უნდა მეცადა ვყოფილიყავი ის, ვინც არ ვარ, მაშინ ვიპოვე ჩემი ადგილი. ღამე ძილი შევძელი. ზოგჯერ საკუთარ თავში ავეჯი უნდა გადაადგილო.“

Virgil Abloh photographed by Anton Corbijn

“ვაპირებ შევქმნა ბრენდი, რომელიც ჩემთან და ჩემს თაობასთან იქნება დაკავშირებული” – უთხრა ექვსი წლის წინ საკუთარ თავს, როდესაც ოფ-უაითს ქმნიდა. “ლანჩის დროს ნებისმიერ მაგიდასთან შემიძლია დავჯდე: სპორტის მოყვარულ ბავშვებთან თუ სკეიტერებთან, რომლებიც მარიხუანას ეწევიან ან preppy ბავშვებთან ერთად. მომწონს შუაში ყოფნა, სივრცეში გადაადგილება. უწესრიგობის განცდა არსებობს. ამიტომ მიყვარს მილენიალების სულისკვეთება. შექმნიან ინსტაგრამს, სადაც გოთებად წარმოადგენენ თავს, მომდევნო კვირას კი ჰარაჯუკუს იცვამენ. ეს თავისუფლებაა. ჩემი პრაქტიკიდან ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას მივხვდი – ნორმალურია შეეწინააღმდეგო საკუთარ თავს; ეს ადამიანურია.“

თავისი მდგომარეობის გათვიცნობიერებამ მოდის ინდუსტრიაში ორიენტირი აპოვნინა და კონკრეტული მიზნებიც დაისახა. „დიზაინის იდეას თავიდანვე უმთავრესი მხრიდან მივუდექი. მომხმარებლისგან განცალკევების აზრი უგულებელვყავი,” – ეუბნება აბლო ვოგს. იმის მაგივრად, რომ სხვა დიზაინერების ნაკვალევს გაჰყოლოდა, მუშაობის განსხვავებული მეთოდები დანერგა. „არ არის საჭირო შენს სტუდიაში იჯდე და დართს იმის იმედით ისროდე, რომ მიზანში მოახვედრებ. თუ უბრალოდ დართსის დაფასთან მიხვალ, შეძლებ მარტივად მოათავსო ის სამიზნეში. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ოფ-უაითის წარმატების მიზეზი. დიზაინ სამყარო და ნამდვილი სამყარო ერთმანეთისგან არ განმისხვავებია–უბრალოდ ორივეს ჩავუღრმავდი. და იმის გამო, რომ მოდის ინდუსტრიის გარედან მოვედი, კოლექციების ტრადიციული გზით შექმნის ფუფუნება არ მაქვს.“

ინტერვიუდან შეგვიძლია ისიც გავიგოთ, რომ ვირჯილი ინჟინერის, დიჯეის, დიზაინერის და ა.შ. პროფესიების გარდა, სულიერი ლიდერის როლსაც ირგებს.

 „ჩემი სამუშაო კონტროლს და ბატონობას არ გულისხმობს. ჩემი საქმე ერთგვარი სულიერი ლიდერობაა.“

ვირჯილ აბლო

ბევრი მიიჩნევს, რომ ის მიმთვისებელია და ამბობენ, რომ აბლოს შემოქმედება ავთენტური არ არის, თუმცა უნიკალური, ორიგინალური და ნოვატორული დიზაინის შექმნა მის მიზანს არც წარმოადგენს. „დიზაინის ეს მიმართულება–ყველაფერი ნულიდან განავითარო–სხვა დროის გამოძახილია,“ – განმარტავს დიზაინერი. „მე დიზაინით იმას გადმოვცემ, რაც ჩემი აზრით აღნიშვნად ღირს. არ მწამს, რომ კულტურა სარგებელს იღებს იდეისგან, რომ ქაღალდზე ეს ხაზი ზუსტად ასე ჯერ არასდროს გავლებულა. ჩემი მიზანია რაღაცები გამოვააშკარავო–ამიტომ ვთანამშრომლობ სხვებთან ამდენს, ამიტომ ვიყენებ ამდენ რეფერენსს და სწორედ ეს ხდის ჩემს ნამუშევარს იმად, რაც არის.“

ვირჯილ აბლოს ასეთ წარმატებას, პირველ რიგში, ის განაპირობებს, რომ მიმდინარე კულტურას გამოხატავს, არსებულ მომენტშია და არ ცდილობს მისგან გაქცევას. მრავალფეროვნებასა და ცვლილებებზე მიმდინარე დიალოგის ნაწილია. დღეს ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც საზოგადოებას და მის მისწრაფებებს ირეკლავს.

Tags :