ვირჯილ აბლოს მოულოდნელი და სამწუხარო გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ მაიამიში Louis Vuitton-ისთვის შექმნილი მისი ბოლო კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს იყო მშვენიერი სანახაობა, რომელიც სევდის მომგვრელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სამგლოვიარო განწყობა არ სუფევდა. “ვირჯილი აქ იყო” – ეს პრეზენტაციის მთავარი გზავნილია.

ჩვენებაზე, რომელიც თავდაპირველად ფრანგული მოდის სახლის ტოპ კლიენტურისთვის გასამართად იყო გამიზნული, ვირჯილი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე მუშაობდა. დიზაინერის სურვილი იყო, რომ შოუს თარიღი არ შეცვლილიყო, სწორედ ამიტომ 30 ნოემბერს ჩვენება მაინც გაიმართა და ნაცვლად გლოვისა, ის ზეიმობდა და პატივს მიაგებდა აბლოს დატოვებულ მემკვიდრეობას.

შოუზე წარმოდგენილი იყო 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან 72 ლუქი, რომელიც პირველად ციფრული პრეზენტაციის სახით მიმდინარე წლის ივნისში ვიხილეთ. მათ გარდა დამატებით შემოთავაზებული იყო 10 ლუქიც.

© WWD / Louis Vuitton

ჩემი ხელოვნებისა და შემოქმედებითობის თვალსაზრისით კონცენტრირებული ვიყავი, რომ მოზარდებს ისევ ბავშვებივით მოქცევა დაეწყოთ. მათ ისევ ეუფლებათ გაოცების შეგრძნება და გონების ნაცვლად, თავიანთი წარმოსახვის გამოყენებას იწყებენ,” – გაისმა ვირჯილის ხმა, როდესაც მოდელებმა კოლექციის წარმოდგენა დაიწყეს.

შოუს Louis Vuitton-ის პირველი შავკანიანი კრეატიული დირექტორის მეგობრები, ყოფილი თანამშრომლები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ: არნოების მთელი ოჯახი, ქანიე უესტი, კიმ კარდაშიანი, რიანა, ეისაპ როკი, ფარელ უილიამსი, ივანკა ტრამპი, რიკი მარტინი, ჯონათან ანდერსონი, ნიგო, ედვარდ ენინფული, სამირა ნასრი, იურგენ თელერი, ჯოან სმოლსი, მიშელ ლამი. ადგილზე მისულებს ვირჯილის ქანდაკება და წითელი საჰაერო ბუშტი დახვდათ, რომელიც სიმბოლურად ადამიანის დაწესებული შეზღუდვებით თავისუფალ, იმედებითა და ოცნებებით აღსავსე ბავშვობის პერიოდს განასახიერებდა.

“ლიმიტი არ არსებობს. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ერთი დღეც კი არ უნდა დაკარგო სხვის აზრთან შეთანხმებაში, რომელიც შენს შესაძლებლობებს გკარნახობს და ეწინააღმდეგება იმას, რისი გაკეთებაც იცი, რომ შეგიძლია,” – ჩვენების ბოლოს ისევ ვიგებთ ვირჯილის ხმას, რომელიც აქ იყო და მუდამ იქნება.