Yeezy Gap-ის და Balenciaga-ს თანამშრომლობა გრძელდება. ხუთშაბათს, Gap-ის ტაიმზ-სკვერზე მდებარე მაღაზიაში Yeezy Gap Engineered by Balenciaga-ს მორიგი კოლექციის გაყიდვის დაწყების პარალელურად, გამოვიდა კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ვირტუალური თამაშიც.
მოთამაშეებს საშუალება აქვთ შექმნან საკუთარი ავატარები – აირჩიონ სქესი, კანის ფერი და, რა თქმა უნდა, Yeezy Gap Engineered by Balenciaga-ს ციფრული სამოსი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნას, სახელი ვირტუალურ თამაშს უკავშირდება. 2020 წლის დეკემბერში მან ფრანგული მოდის სახლისთვის თავისი კოლექცია ვიდეო თამაშის სახით აჩვენა. „Afterworld: The Age of Tomorrow“ მომავლის ხედვას წარმოადგენდა, სადაც ავატარები დემნას დიზაინში იყვნენ გამოწყობილები.
Yeezy Gap Engineered by Balenciaga
Yeezy Gap ხაზის შესაქმნელად Gap-მა ქანიე უესტთან 10 წლიანი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში გააფორმა. Ye-ს პირველი კოლექცია კომპანიისთვის 2021 წლის ივნისში გამოვიდა. მიმდინარე წლის იანვარში Yeezy Gap-ის და Balenciaga-ს პარტნიორობის შესახებაც გახდა ცნობილი. საერთო კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია მათ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და ასევე სხვადასხვა პარტნიორ ონლაინ რითეილ პლატფორმებზე.