10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ Prada Group-მა Versace შეიძინა. აღსანიშნავია, რომ “ვერსაჩე”   Prada Group-ს  ახალი კრეატიული ხელმძღვანელით შეუერთდება.  13 მარტს Versace-ს მოდის სახლმა გამოაცხადა, რომ დონატელა ვერსაჩე თითქმის 30 წლის შემდეგ, ტოვებს ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას და მას ამ როლზე, ახალგაზრდა იტალიელი დიზაინერი – დარიო ვიტალე შეცვლის. ეს არის პირველი შემთხვევა, ბრენდის 50 წლიან ისტორიაში, როდესაც ვერსაჩეს კოლექციებს ვერსაჩე აღარ შექმნის. 

თუ დარიო ვიტალეს სახელი აქამდე არ გსმენიათ, ნუ გაგიკვირდებათ, რადგან იგი ცნობილი დიზაინერი არ გახლავთ, Versace-ს სიახლემდე,  მის შესახებ ინტერნეტში, ინფორმაცია არც იძებნებოდა, თუმცა ის რა თქმა უნდა, გამოცდილი პროფესიონალია და საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფოლიოც აქვს. დარიომ მოდის დიზაინი Istituto Marangoni – ში შეისწავლა. 2006 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ერთი წელი Dsquared2-ში მუშაობდა, 2007 – 2009 წლებში, Bottega Veneta-ს დიზაინერი გახლდათ, 2010 წლის ივლისში კი, Prada Group-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდს, Miu Miu-ს შეუერთდა. 

გასული 14 წელი, დარიო ვიტალე სწორედ მიუჩია პრადასთან ერთად მუშაობდა Miu Miu-ში. დროთა განმავლობაში, პრადამ იგი დააწინაურა და დარიო იკავებდა,  Miu Miu-ს დიზაინ გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც შემოქმედებითი მხრივ, კრეატიული დირექტორის შემდეგ, მეორე ყველაზე დიდი პოზიციაა მოდის სახლში.  

დარიომ Versace-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობა პირველ აპრილს დაიწყო და მისი სადებიუტო კოლექცია, დიდი ალბათობით, 2025 წლის სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულზე გამოვა. 

იხილეთ დონატელა ვერსაჩეს ბოლო კოლექცია Versace-ს შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში: