რეჟისორ ვეს ანდერსონის ფილმები ყოველთვის გამოირჩევა თავისი ესთეტიკითა და სიუჟეტით – მსუბუქი იუმორი და ისტორია, სიმეტრიული კომპოზიციით, ფერებით და დამახასიათებელი პერსონაჟებით, განუმეორებელ რომანტიკულ განწყობას ქმნის. გარდა მხატვრული ფილმებისა, ანდერსონმა არაერთხელ ითანამშრომლა ცნობილ მოდის სახლებთან და ბრენდებთან – სხვადასხვა დროს, რეჟისორის მიერ თავისი დამახასიათებელი ხელწერით შექმნილი ნამუშევრები ვიხილეთ Prada-სათვის და H&M-სათვის.

ამჯერად, მაყურებელი ვეს ანდერეონის ახალ კინოსურათს ელოდება. The French Dispatch – ასე ჰქვია დაანონსებულ რომანტიკულ კომედიას, რომლის პირველი ტრეილერი ჯერ კიდევ შარშან, 2020 წლის თებერვალში გავრცელდა.

ფილმის პრემიერა კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, ახალი თარიღი კი, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა. თუმცა, ახლა უკვე ცნობილია, რომ ფილმის ჩვენება 2021 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კონოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება 2020 წელს, ასევე Covid-19-ის გამო, არ ჩატარდა, წელს კი, ფესტივალი 6 ივლისს გაიხსნება და 17 ივლისამდე გაგრძელდება.

ფილმი ანდერსონის ყველა ნამუშევრის მსგავსად, ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. მსახიობებს შორის არიან, როგორც ანდერსონის უცვლელი მუზები, ასევე ის სახეები, რომლებთანაც რეჟისორმა ამ ფილმის ფარგლებში პირველად იმუშავა – მაგალითად, ახალი თაობის გამორჩეული ვარსკვლავი ტიმოთი შალამე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

შალამე პარტნიორობას უწევს ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: ტილდა სუინტონი, ედრიენ ბროუდი, ფრენსის მაკდორმანდი, ედვარდ ნორტონი, ოუენ უილსონი, სირშა რონანი, ლეა სეიდუ, ბილ მიურეი და სხვები. ტიმოთი შალამეს მსგავსად, ანდერსონის ფილმში პირველად თამაშობს ცნობილი სერიალის – The Handmaid’s Tale-ის ვარსკვლავი, ელიზაბეთ მოსი.

რაც შეეხება სიუჟეტს, ისტორია მე-20 საუკუნის საფრანგეთში, ერთ-ერთი ფიქციური ჟურნალის გამომცემლობის ირგვლივ ვითარდება. როგორც ცნობილია, გამოგონილი ჟურნალი რეჟოსორმა თავისი საყვარელი გამოცემის – New Yorker-ის შთაგონებით შექმნა.