Born This Way-ის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ, დონატელა ვერსაჩე და ლედი გაგა კაფსულა კოლექციის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ინიციატივა გაგას Born This Way Foundation-ის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საქველმოქმედო ფონდი ხელს უწყობს LGBTQIA ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის გაჯანსაღებას.
ლედი გაგა ვერსაჩეს მოდის სახლთან წლებია თანამშრომლობს. მათი კოლაბორაცია საკულტო და მრავალფეროვანია. ჩვენ მუსიკოსი იტალიური ბრენდის 2014 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში გვინახავს. კარგად გვახსოვს 2017 წელს სუპერთასისთვის მისი ვერსაჩეს კოსტიუმები. ჩვენი ყურადღება გაგას და დონატელას არაერთ საერთო გამოჩენასაც მიუპყრია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომღერალს თავისი მეგობარი დიზაინერისთვის სიმღერაც კი აქვს მიძღვნილი, სახელწოდებით “ArtPop.”
“მოხარული ვარ, რომ ლედი გაგასთან და Born This Way Foundation-თან კიდევ ერთხელ ვთანამშრომლობ. ჩვენი მეგობრობა და თანასწორობისკენ, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისკენ მიმართული ძალისხმევა დროსთან ერთად კიდევ უფრო ძლიერდება,” – ამბობს დონატელა.
პრაიდის თვესთან დაკავშირებით შექმნილი კოლექცია მოიცავს უნისექს მაისურებს და ბერეტებს, რომლებზეც ცისარტყელას ფერებში წარმოდგენილ Versace-ს ლოგოს და წარწერა – Born This Way-ის ვხვდებით. მათი შეძენა შესაძლებელია ვერსაჩეს ოფიციალურ ვებ-საიტზე.
კოლაბორაციის ფარგლებში, ასევე შეიქმნა გაგას ცნობილი ტყავის ქურთუკის ასლი, რომელიც მას Born This Way ტურის ფარგლებში ეცვა. მის შექმნაზე მილანში მდებარე ვერსაჩეს სამკერვალოში ხელით იმუშავეს, რასაც თითქმის 400 საათი დასჭირდა.
ქურთუკის შეძენა Omaze-ს პლატფორმაზე 1 ივლისამდე აუქციონის ფორმატში იქნება შესაძლებელი. გამარჯვებული 14 ივლისს გამოვლინდება. შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება Born This Way Foundation-ს.