ვალენტინო ოტ-კუტიური ბრენდია, დღეს კი ოტ კუტიურ სამოსი ნაკლებად პოპულარულია. ბრენდები ცდილობენ ახალგაზრდა მომხმარებელი მოიზიდიონ, შესაბამისად, ბრენდის იდენტობას მაქსიმალურად უახლოვებენ მათ. პიჩოლის გამოწვევაც ის არის, რომ შეინარჩუნოს ბრენდის დნმ და თან მოიზიდოს ახალგაზრდა მომხმარებელი. ნათელია, რომ პიჩოლის ვალენტინო გარავანის ვალენტინოსგან განსხვავებულია, მაგრამ ორივეს შემოქმედებაში ერთი რამ მთავარია – ფემინურობა. როგორც პიჩოლიმ განაცხადა, ბრენდის არქივებით არ სარგებლობს, ის ვალენტინოს ნახატებიდან და ფოტოებიდან იღებს შთაგონებას, რაც “საოცნებო ორიგინალურობის” მიღწევაში ეხმარება.
ვალენტინოს რესორთ 2020 რომის Orto Botanico-ში გადაიღეს, სადაც ბუნება და ურბანულობა ერთმანეთს ერწყმის. გადაღების ლოკაციის შერჩევაზე დიზაინერმა განაცხადა, რომ გაქცევა არ სურდა და ამიტომაც შეარჩია ის.
პიჩოლიმ კოლექციაში ვალენტინოს 1966 წლის კუტიურ კოლექციის პრინტი გამოიყენა და ყოველდღიურ, თავისუფალი სტილის სამოსად გარდაქმნა.
კოლექციაში ელეგანტური სამოსია წარმოდგენილი, განსხვავებული ფერებით, დაბალძირიანი სანდლებითა და ჩექმებით. დიზაინერმა კოლექციით დაამტკიცა, რომ ყოველდღიური სამოსითაც შეიძლება იყო ელეგანტური.
რესორთ 2020 კოლექცია გაავრცელა ზაკ პოზენმაც. კოლექცია 25 ლუქისგან შედგება, რომელიც მოდელმა ლინდსი ვიქსონმა მოირგო. სთაილინგი ლინდსის ეკუთვნის. დიზაინერმა მას თავისუფლება მისცა აერჩია და შეეხამებინა მისთვის სასურველი ნაწილები კოლექციიდან. რამდენიმე ლუქი 40-იანებისთვის და ვიქტორიანული ერისთვის დამახასიათებელ კაბებს გაგახსენებთ. კოლექციის ყველაზე ძლიერი ლუქები სწორედ ისინია, რომლებიც დიზაინერს ყველაზე კარგად გამოსდის – საღამოს კაბები.