მოდას და მუსიკას მრავალწლიანი მჭიდრო კავშირი აქვთ. ბუნებრივად ხდება ისე, რომ მოდის ინდუსტრია წამყვანი ტრენდების ინსპირაციას, სწორედ მუსიკალურ სამყაროში აქტუალური სტილით, თუ პერსონებით იღებს. გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ახალბედა მუსიკოსები მსოფლიო სცენაზე თავს მოდის სამყაროსთან ახლო ურთიერთობით იმკვიდრებენ. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ ესტონელი რეპერი Tommy Cash, რომელიც ბოლო ორი წელია, საკმაოდ საინტერესო კონტექსტში ხვდება მოდის პრესის ფურცლებზე.
ამჯერად, რეპერმა კაფსულა კოლექცია “მარჯიელას” მოდის სახლთან კოლაბორაციით წარადგინა. ტომი ქეში მუსიკალურ, თუ მოდის ინდუსტრიაში, თავის განსაკუთრებულ ნიშას ქნის – სიურეალისტური, სარკასტული და პოსტ-საბჭოთა ესთეტიკით, რომელიც ძირითადად კონცეპტუალური ხელოვნების სახეს ატარებს. Tommy Cash x Maison Margiela-ს ფარგლებში, ბრენდმა და არტისტმა რამდენიმე მოდელი გამოუშვეს. მათ შორის არის ოთახის ფეხსაცმელები, ე.წ. სლიპერები, რომლებიც ქარხნული პურის იმიტაციაა. სლიპერები ქეშმა, პირველად, 2019 წელს გამართულ გამოფენაზე წარადგინა, რომელიც დიზაინერ რიკ ოუენსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა. ახლა კი, Maison Margiela-სთან კოლაბორაციით, მათი წარმოებაც დაიწყო. მოდელის შეძენა მომხმარებელს tommycashshop.com-ზე 113 დოლარად შეუძლია.
გარდა სლიპერებისა, Tommy Cash x Maison Margiela კაფსულა კოლექციის ფარგლებში, მომხმარებელს ნუდლსის შეძენაც შეუძლია, რომელიც ბრენდირებულ ვაკუუმ შეფუთვით არის წარმოდგენილი. ლოგოებთან ერთად, შეფუთვაზე საკვებში შემავალი ნივთიერებები და კალორიულობაც არის დატანილი. მსგავსი კოლაბორაციისათვის საკმაოდ კომიკური პროდუქტის გამოშვების იდეა, ტომი ქეშმა შემდეგნაირად ახსნა: “რამენი ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი საკვებია, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპელი სტუდენტები მაშინ ყიდულობენ, როცა ფინანსურად ყველაზე რთული პერიოდი აქვთ. ახლა უკვე შესაძლებელია შევიძინოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფასიანი საკვები დიზაინერისაგან”. ოფიციალურ საიტზე, Tommy Cash x Maison Margiela-ს რამენის ფასი 14 დოლარია.
ესტონელი რეპერი Maison Margiela-სთან კოლაბორაციაზე ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდა. კამპანიაც ისეთივე სარკასტულია, როგორც თავად ეს კოლექცია. საიმიჯო ფოტოს სახით, შავ-თეთრი ფოტო ვიხილეთ, რომელიც პიტერ ლინდბერგის ცნობილი კადრის ერთგვარ შარჟად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, არტისტის წინააღმდეგობრივი ხედვა და საერთაშორისო გავლენიანი მოდის პრესისათვის, როგორც ჩანს, საინტერესოა.
აღნიშნული კოლაბორაციის განხილვას სტატიები ისეთმა გავლენიანმა ჟურნალებმა მიუძღვნეს, როგორებიც არის Vogue, Dazed & Confused Magazine, Highsnobiety და სხვა წამყვანი გამოცემები.