ცნობილი ხელოვანის, ენდი უორჰოლის საკულტო ნამუშევარი, რომელზეც მერლინ მონროა გამოსახული Christie’s აუქციონზე გაიყიდება. როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენელი ექსპერტები აღნიშნავენ, ფასი სავარაუდოდ 200 მილიონ დოლარს მიაღწევს. თუ ასე მოხდა, მერლინ მონროს ეს პორტრეტი რეკორდს მოხსნის და მე-20 საუკუნის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდება. აუქციონი 2022 წლის მაისში ჩატარდება.
მასიური პორტრტეტი უორჰოლის ცნობილი სერიის ნაწილია, რომელიც ხელოვანმა გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნა. მონროს ეს სურათი არტისტის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა და დღემდე არაერთ ცნობილ გალერეაში გამოიფინა.
თავად ენდი უორჰოლი, თანამედროვე ხელოვნების ლეგენდარულ სიმბოლოდ მიიჩნევა. მან განსაკუთრებულ წარმატებას მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. უორჰოლმა თავისი შემოქმედება მასობრივი წარმოების სარეკლამო პროდუქტს დაუკავშირა და ამ პროვოკაციული მიდგომით გაითქვა სახელი. 1962 წლიდან, ხელოვანმა ცნობილი ადამიანების პორტრეტების ფოტოებისაგან პოპ არტების გაკეთება დაიწყო, სწორედ ამ პერიოდში შექმნა მონროს ეს ცნობილი გამოსახულებაც. აღსანიშნავია, რომ პორტრეტი Christie’s-ზე ერთხელ უკვე გაიყიდა – 2014 წელს მასში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს.