ემანუელ ალტის Vogue Paris-ის მთავარი რედაქტორის პოზიციის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია პირველად მაისში გავრცელდა, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
ვოგის “დიდი ოთხეულიდან” (ამერიკული, ბრიტანული, იტალიური, ფრანგული გამოცემები) ალტი გახდა მეორე რედაქტორი, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან წავიდა. პირველი ემანუელე ფარნეტი იყო, რომელმაც ივლისში Vogue Italia-დან წამოსვლის შესახებ განაცხადა. საერთო ჯამში კი ერთი წლის განმავლობაში უკვე ვოგის ექვსმა მთავარმა რედაქტორმა დატოვა თავიანთი პოსტი – გერმანული, ინდური, იაპონური, ესპანური, იტალიური და ბოლოს პარიზის. ყველაფერი იმით აიხსნება, რომ Vogue-ში ახალი ერა დაიწყო.
პარალელურად, Condé Nast-მა Eugénie Trochu დააწინაურა, რომელიც ამიერიდან პარიზის ვოგის სარედაქციო კონტენტზე იქნება პასუხისმგებელი, ასეთივე პოზიციაზე დაინიშნა Francesca Ragazzi-იც იტალიურ ვოგში. ამასთანავე, თავიანთი ახალი როლებით ორივე მათგანი ვალდებულებას იღებს ანა ვინტურის და ედვარდ ენინფულის წინაშე. ვინტური ვოგის საერთაშორისო სარედაქციო პოლიტიკასა და მასალას განაგებს, ის ასევე Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსია, ენინფული კი ევროპული გამოცემების ზოგადი სარედაქციო კურსის ხელმძღვანელია.
ალტი პარიზის ვოგის მთავარ რედაქტორად 2011 წელს დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე მან გავლენიანი და ყველასთვის კარგად ცნობილი კარინ როიტფელდი ჩაანაცვლა. თავისი ბოლო ნომრის გარეკანი მან ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.