კოსმეტიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ ახალი თანამშრომლობა მაღალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიზაინერთან, ელი სააბთან დააანონსა. L’Oréal Paris x Elie Saab შეზღუდული რაოდენობის კოლექცია რამდენიმე პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ტუჩსაცხს, რომელიც სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი.

პროდუქციის შეფუთვა პასტელურ, ნაზ და ფემინურ ტონალობებშია გადაწყვეტილი, რაც ხაზს უსვამს ელი სააბის ბრენდის ესთეტიკას.

“ჩვენი თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე მოდური კოლაბორაცია. კოლექციის გამოშვება, ასეთ უპრეცენდენტო დროს, L’Oréal Paris-ის და ELIE SAAB-ის ერთობლივი გზაა ოპტიმისტური განწყობის ასამაღლებლად, ეს არის ერთგვარი ხელმისაწვდომი ესკაპიზმი ყველა ქალისთვის,” – აღნიშნა ლორეალის პრეზიდენტმა, Delphine Viguier-Hovasse – მ. რაც შეეხება დიზაინერს, ლიბანელმა კუტიურიემ ხაზი გაუსვა თავის უცვლელ და ყველაზე მთავარ მიზანს, თუ რატომ მუშაობს მოდის ინდუსტრიაში, “ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ქალები ლამაზად წარმომეჩინა, დავხმარებოდი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგრძნოთ თავი ელეგანტურად და თავდაჯერებულად”, ვკითხულობთ სააბის განცხადებაში.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც L’Oréal Paris ლიმიტირებული კოლექციის შესაქმნელად მაღალი მოდის ცნობილ დიზაინერთად ერთიანდება. წარსულში, ფრანგული კოსმეტიკის გიგანტს არაერთი კოლაბორაცია ჰქონდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Balmain და Isabel Marant. რაც შეეხება ფასებს და გაყიდვაში გამოსვლის თარიღს, როგორც ფრანგული ვოგი იუწყება, ლორეალი x ელი სააბის სრული კოლექციის შეძენა მაისიდან იქნება შესაძლებელი და საშუალოდ, ტუჩსაცხის გლოსის ღირებულება 18-20 დოლარს შეადგენს.