გასული წლის მარტში, 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების მოდის კვირეულების დასრულების შემდეგ, ევროპაში კორონავირუსის პირველმა ძლიერმა ტალღამ მოდის ორ დედაქალაქში, პარიზში და მილანში იფეთქა. ჩაიკეტა საზღვრები, გაუქმდა ფრენები, გამოცხადდა საყოველთაო ლოქდაუნი – შექმნილმა რეალობამ მოდაში განსხვავებული დღის წესრიგის შექმნის საჭიროება გააჩინა. გამკაცრებული ავია-მიმოსვლის და ვირუსის პრევენციისთვის საჭირო სხვა სავალდებულო ღონისძიებების ფონზე, ისეთი კონკურენტული და გამოწვევებით სავსე სფერო, როგორიც სამოდელო ბიზნესია, კიდევ უფრო კომპლექსური გახდა.

„პანდემიურ რეალობაში მუშაობა რთული აღმოჩნდა, რადგან ახლა ყველაფერი არაპროგნოზირებადია და არც კი იცი, თუ მოახერხებ სადმე წასვლას.ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, გიპყრობს შიში, რომ შეიძლება ყველაფერი ცუდად წარიმართოს. მეტწილად, ქასთინგები ტარდება ონლაინ, დადასტურების შემთხვევაში, გჭირდება ტესტის გაკეთება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ გადაღებაზე მისვლას.ასევე, სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ ყველა ამ პროცედურას ემატება კარანტინიც,რომელიც გიწევს წასვლის და ჩამოსვლის დროსაც,“

-აღნიშნავს ეთო მიგრიაული ჩვენთან ინტერვიუში.

ეთო თანამედროვე ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახეა. ის უკვე ორი წელია, რაც საერთაშორისო ინდუსტრიაშიც აქტიურად მუშაობს. აღნიშვნას იმსახურებს მისი კარიერის წინსვლა პანდემიურ რეალობაშიც. 2020 წელს, ახალგაზრდა ქართველი მოდელი არაერთი ცნობილი ბრენდის, ჟურნალის პოდიუმზე, ედითორიალში და სარეკლამო კამპანიაში ვიხილეთ, თუმცა სანამ Valentino -ს მოდელი გახდებოდა, მიგრიაულმა მოღვაწეობა ჯერ თბილისში, ადგილობრივ მოდის კვირეულზე, ქართველ დიზაინერებთან მუშაობით დაიწყო.

„სამოდელო კარიერა დავიწყე სხვა სამოდელო სააგენტოსთან. მოდის კვირეულის ფარგლებში, ჯეომოდელსთან გავაფორმე ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი პროფესული ზრდა,“ იხსენებს ქართველი მოდელი. Geomodels Agency საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოა, რომელიც თაკო ჩხეიძემ დააარსა. სწორედ „ჯეომოდელსი“ ზრუნავს ეთოს კარიერულ წინსვლაზე. 

რაც შეეხება საერთაშორისო წარმატებას, ყველაფერი პარიზში დაიწყო:

მოდელის პროფესიით ჩემი პირველი მოგზაურობა შედგა ორწელიწადნახევრის წინ, პარიზში, როდესაც დამამტკიცეს Gentle Monster -ის სარეკლამო კამპანიაში. ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული, თუ როგორი საინტერესოა სამოდელო პროფესია. მას უმეტესად აღიქვამენ, როგორც მარტივ საქმეს,სადაც შენი მოვალეობა მხოლოდ პოზიორობაა. მე ამ სფერომ მასწავლა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდე ყველაფერს სრულიად მარტო.გეუფლება შეგრძნება იმისა, რომ შინაგანად ყოველდღიურად იზრდები და საკუთარ თავს უკეთ შეიცნობ.ჩემთვის ეს სფერო ინსპირაციაა,რადგან თითოეული გადაღების პროცესი არის ემოციებით სავსე.გადაღებების დასრულების შემდეგ, ის ემოცია და განწყობა, რომელიც მეუფლება, მსურს გადავიტანო ჩემს ნამუშევრებში. ამ სფერომ მასწავლა მსახიობობაც,რადგან თითოეულ გადაღებაზე მჭირდება იმ პერსონაჟად გარდასახვა,რომელიც ამ სამოსს მოირგებდა.“

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ტოპ მოდელების ფენომენი გასული საუკუნის 1990-იანი წლებიდან დამკვიდრდა, ამ სფეროს გაცილებით დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ათწლეულებთან ერთად, იცვლებოდა მოდელისთვის იდეალური გარეგნობის, პიროვნული თვისებების, სტანდარტების აღქმა და შესაბამისად -წარმატების ფორმულაც. „ახალი თაობის მოდელები გამოირჩევიან ბუნებრივობით და საკუთარი სტილით,რომელიც ხაზს უსვამს მათ შინაგან სამყაროს. წარმატების მისაღწევად, ვფიქრობ,მნიშვნელოვანია,რომ იყო საკუთარი თავი და არავისთან არ შექმნა ის პერსონაჟი, როგორიც არ ხარ. უნდა შეეცადო შენი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენო და ისიამოვნო საკუთარი პროფესიით,“ აღნიშნავს ეთო ჩვენთან საუბარში.

Valentino გაზაფხული/ზაფხული 2021

მართლაც, თანამედროვე მოდა პიროვნებას აძლევს შესაძლებლობას იპოვოს საკუთარი ინდივიდუალური სტილი, რომელიც ყველასგან გამოარჩევს. კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა საკუთარ ესთეტიკას და სტილს, ქართველი მოდელი გვპასუხობს: „ჩემთვის ესთეტიკასთან ასოცირდება ფერები, რომლებსაც შინაგანად ვგრძნობ. თუმცა, ჩემს შინაგან სამყაროში ხშირია ფერთა გამის ცვლა, რაც შესაბამის განწყობას მიქმნის ხოლმე. ხშირად, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი ფერის შეგრძნებაც, რომელიც აქამდე უცხო იყო ჩემთვის. რაც შეეხება ჩაცმულობას, ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა თავისუფლად და ჩემი სტილის შესაბამისად, კომფორტულად მაცვია.“

აღსანიშნავია, რომ მიგრიაული პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ლონდონში მოღვაწე წარმატებული დიზაინერის, დავით კომახიძის სარეკლამო კამპანიაში მოხვდა.

„ვიყავი ქასთინგზე მისული, ამის შემდეგ, დამიბარეს ტანისამოსის მორგებაზე და მალევე გამაგებინეს, რომ დამტკიცებული ვიყავი სარეკლამო კამპანიაში. კომასთან მუშაობის პროცესი ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა. იგი ცდილობდა თითოეულ მოდელს თავისუფლად ეგრძნო თავი, რაც მოდელს დიდ კომფორტს ანიჭებდა. ახლაც რომ ვიხსენებ ამ გადაღებას,დადებითი ემოციებით ვივსები და ბედნერი ვარ, რომ მასთან და მის საუკეთესო ჯგუფთან ვითანამშრომლე.“

ინტერვიუს ბოლოს, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დავინტერესდით ეთოს მიზნებზე სამოდელო ბიზნესის მიღმა. როგორც აღმოჩნდა, მისი ინტერესები ხელოვნებას არა მხოლოდ მოდელის პროფესიიდან გამომდინარე უკავშირდება: „მოდელობის პარალელურად დაინტერესებული ვარ ხელოვნებით, ვცდილობ გავეცნო მის სხვადასხვა განხრას. მომავალში, ვაპირებ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას და გრაფიკული დიზაინის შესწავლას.“

ეთოს ინსტაგრამი – @etomigriauli