ევროპის მოდის კვირეულების კალენდარი დადასტურებულია. დაიწყება ლონდონში, გაგრძელდება მილანში და დასრულდება პარიზში. თარიღი: 15 თებერვალი – 5 მარტი.

ლონდონი  : 15-19 თებერვალი

საპატიო წევრები:  ბარბერი, ჯონათან ანდერსონი, ვიქტორია ბექჰემი, სიმონ როშა, ვივიენ ვესტვუდი, ჩალაიანი, ერდემი, რალფ & რუსო, მერი ქათრანზუ, ქრისტოფერ კეინი.

17 თებერვალს რიკარდო ტიში ბარბერიში მეორე კოლექციას წარადგენს. 2018 ბარბერიში დრამატული ცვლილებების წელი იყო. ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ახალი ბიზნეს მოდელი, ახალი სახეები, ახალი თავი ბრენდის საუკუნოვან ისტორიაში. ფრთხილი, მაგრამ გონიერი, ასე დამამახსოვრდა ტიშის დებიუტი ბარბერიში, მაგრამ ისეთი ბრენდისთვის, როგორიც ბარბერია, მხოლოდ 1 წარმატებული კოლექცია საკმარისი არ არის. რიკარდოს მეორე ჩვენება არანაკლებ ყურადღებას მიიქცევს. ბარბერი 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი არის შოუ, რომელსაც ამ სეზონზე ლონდონში ყველაზე მეტად ელიან.

17 თებერვალს გაიმართება ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაც. წლების განმავლობაში ბექჰემი კოლექციებს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენდა. შარშან ვიქტორიამ თავისი სახელობის ბრენდის 10 წლის იუბილე სამშობლოში დაბრუნებით აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე ბექჰემიც შეურთდება ბრენდებს, რომლებმაც ცხოველების ბუნებრივ ბეწვზე უარი თქვეს.  18 თებერვალს ლონდონის ოქროს ბიჭების დღეა: ჯონათან ანდერსონი, ერდემ მორიალოგლუ, ქრისტოფერ კეინი. ამ დღეს ვიხილავთ ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის ახალ კოლექციასაც.  4 წლის განმავლობაში კომახიძე პარიზის მოდის კვირეულზეც იყო წარმოდგენილი,როგორც მუგლერის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, თუმცა 2017 წლის ბოლოს დავითმა მუგლერი დატოვა და ახლა მისი კოლექციების ხილვა მხოლოდ ლონდონში შეგვიძლია.

ამალ კლუნი რიჩარდ ქუინის კაბაში

ახალი სახეები: რიჩარდ ქუინი, უელს ბონერი, ჰალპერნი, მოლი გოდარდი, მეტ ბოვანი, კიკო კოსტადინოვი.

ლონდონის მოდის კვირეული ცნობილია ახალბედებისთვის ყველაზე დიდი ხელშეწყობით. ტრადიციულად ლონდონის კალენდარი დატვირთულია ბევრი ახალი სახელით,თუმცა რამდენიმე მათგანი გამორჩეულია. დედოფალ ელიზაბეტის მის ჩვენებაზე გამოჩენა და ამალ კლუნის მეტ გალას კაბაც საკმარისია, რომ რიჩარდ ქუინი ბრიტანული მოდის ახალი თაობის ერთ-ერთ პიონერად მივიჩნიოთ. იგივე ითქმის უელს ბონერზე,რომელმაც LVMH PRIZE-ში გაიმარჯვა. მაიკლ ჰალპერნს მხოლოდ 2 სეზონი დასჭირდა მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრების ვიტრინებში შესაღწევად. მოლი გოდარდი ბრიტანული მოდის საბჭოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გახლავთ. “მოდის დიდებული,კაშკაშა ახალი იმედი“-ასეთი ჰედლაინი დაუთმო მეთ ბოვანს გარდიანმა. რაც შეეხება კიკო კოსტადინოვს, ბულგარელი დიზაინერი საერთაშორისო მყიდველების ფავორიტია. აქვე აღნიშვნის ღირსია CSM (Central Saint Martins) კურსდამთავრებულთა ჩვენება,რომელიც ლონდონში ყველა სეზონზე ტარდება. CSM არის სასწავლებელი,რომელმაც გზაზე ალექსანდრ მაკქუინი, ჯონ გალიანო, ფიბი ფაილო, სტელა მაკარტნი და ბევრი სხვა დიდებული დიზაინერი დააყენა. შესაძლებელია წლევანდელ კურსდამთავრებულებშიც იყოს ერთი გენიოსი, რომელიც მოდის კოდებს ხელახლა დაწერს.

მილანი : 20-24 თებერვალი

გაითვალისწინეთ, თუ ნიუ-იოკის და ლონდონის კალდენარში დიდი ადგილი უჭირავს ახალბედა ტალანტებს, მილანი და პარიზი ცნობილი ბრენდებით არის დატვირთული.

„ბლექფეისი“ ყველაზე დიდი სკანდალია, რომელიც გუჩის უახლეს ისტორიაში აგორდა. 20 თებერვალს გუჩი მომდევნო შოუს გამართავს. საინტერესოა ამჯერად რას გვიმზადებს ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დიზაინერი, რომელიც შეიძლება ყველაფერთან დააკვშირო ქემდაღლობის, დისკრიმინაციის, ბოროტების გარდა. პირველი დღე დატვირთული იქნება სხვა ტოპ ჩვენებებითაც. ვიხილავთ: ჯილ სანდერს, მონკლერს, ალბერტა ფერეტის.

21 თებერვალი: მაქს მარა, ემპორიო არმანი, ფენდი, პრადა, მოსკინო.

გუჩი არ ყოფილა პირველი იტალიური ბრენდი,რომელიც ბოლო დროს რასისტულ სკანდალში გაეხვა. დოლჩე&გაბანა და პრადა იყვნენ პიონერები. მიუჩია ყველაზე თამამი და პირდაპირი აღმოჩნდა, როდესაც 2019 წლის მამაკაცის ჩვენების შემდეგ აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური კორექტულობა შემოქმედებს თავისუფლებას ართმევს. მიუხედავად იმისა, რომ 22 თებერვალს ვერსაჩეს ჩვენებაა, ამ სეზონზე ეს დღე ბოთეგა ვენეტას ეკუთვნის. ბოთეგა ვენეტაში დებიუტია! ტომას მეირმა BV შარშან დატოვა. გერმანელი დიზაინერი დანიელ ლით შეცვალეს. დანიელის პირველი კამპანია გავრცელდა და უკვე დაახლოებით ვიცით რასაც უნდა ველოდოთ, მაგრამ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. მილანის მოდის კვირეულის დასკვნით დღეებში ფერაგამოს, მისონის, კავალის, არმანის ჩვენებებია დაგეგმილი. დოლჩე&გაბანა ოფიციალურ კალენდარში არ არის,რაც სიახლეს არ წარმოადგენს. დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა ხშირად აკეთებენ ე.წ „Off-schedule” ჩვენებებს.

პარიზი: 25 თებერვალი – 5 მარტი

მოდის დედაქალაქი 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე დიდი დებიუტის გარეშეა, რაც საკმაოდ უჩვეულოა წინა წლებთან შედარებით. ახალ ბრენდებში 3 მნიშვნელოვანი სახელია: ჟაკქომუსი, მარინ სერე და მარკეზ ალმეიდა. ლანვინშიც ახალი დიზაინერი ჰყავთ. 4 წელში 4 დიზაინერი, უძველეს ფრანგულ ბრენდში ურთულესი პერიოდი კვლავ გრძელდება.

პარიზში არიან დიზაინერები, რომლებსაც დასამტკიცებელი არაფერი აღარ აქვთ. ისინი ინდუსტრიის ლეგენდები არიან და ტრადიციულად ყველა სეზონზე აჩვენებენ ძალიან მაღალ დონეს, რომელსაც უკვე იმდენად შევეჩვიეთ, რომ აღარც გვიკვირს. ასეთ დიზაინერებს მიეკუთვნებიან: დრის ვან ნოტენი, რიკ ოუენსი, ჯონ გალიანო(მარჯიელა), იოჯი იამამოტო, რეი კავაკუბო (კომ დე გაღსონი).

26-28 თებერვალი: დიორი, სან ლორანი, მუგლერი, მარჯიელა, დრის ვან ნოტენი, როშას, კენზო, ქლოე, ენ დემულამესტერი, პაკო რაბანი, რიკ ოუენსი, ოფ უაითი. თუ ჭორებს დავუჯერებთ, დიორის 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი უნდა იყოს მარია გრაცია ქიურის ბოლო RTW(Ready-to-wear) კოლექცია ფრანგულ მოდის სახლში. მუგლერში ქეისი ქადულედერი მეორე ჩვენებას გამართავს. ქეისიმ გასულ წელს შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დათო კომახიძე შეცვალა. ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელებში განსაკუთრებულ ყურადღებას ქლოეს ნატაშა რემსი-ლევი და პაკო რაბანის ჯულიენ დოსენა იპრყობენ.

1-2 მარტი: ლუევე, ბალმანი, იზი მიაკი, ნინა რიჩი, ოლივიე თეისკენსი,იოჯი იამამოტო, სელინი, ჯუნია უათანაბე, ჰაიდერ აკერმანი, ალტუზარა, ვივიენ ვესტვუდი, ელი სააბი, კომ დე გაღსონი, ერმესი.

ბელგიური მოდის სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამას ადასტურებს მორიგი ცვლილება მაღალი მოდის ბრენდში. ანტვერპენის აკადემიის კურსდამთავრებულები რაშემი ბოთერი და ლიზ ჰერებრუ ნინა რიჩის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელები არიან. დუეტმა გილერმო ჰენრი შეცვალა. ამ უკანასკნელმა ნინა რიჩი 2018 წლის გაზაფხულზე დატოვა.

ვერ გამოვტოვებთ ედი სლიმანის ქალის მეორე შოუს სელინში, რომელიც პირველი მარტის ჩვენებებს დახურავს. ვოგის საიტზე სელინის 2019 გაზაფხული/ზაფხული გასული წლის ყველაზე ნახვადი კოლექციაა. ეს ფაქტიც კმარა საიმისოდ, რომ მივხვდეთ რამხელა ინტერესია სელინის მიმართ.

3-4 მარტი: ბალენსიაგა, თომ ბრაუნი, ვალენტინო, ჟივანში, სტელა მაკარტნი, საკაი, ჯამპატისტა ვალი, მაკქუინი. დემნა გვასალია და პიერპაოლო პიჩოლი პარიზის ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელებში ყველაზე ამაღელვებელი დიზაინერები არიან. მიუხედავად იმისა, რომ პიერპაოლო არ არის ახალი სახელი და ის წლებია ვალენტინოს ხელმძღვანელობს, თავისი შესაძლებლობები ბოლო 2 წელში გვაჩვენა, როცა ბრენდის შემოქმედებითი მართვის სადავეები მთლიანად ჩაიბარა.

ევროპის მოდის კვირეულები შანელის, მიუ მიუს და ლუი ვიტონის ჩვენებებით დაიხურა. წელს კარლ ლაგერფელდმა შანელის ჩვენება პირველად გამოტოვა. ფრანგული მოდის სახლის განცხადებაში ეწერა, რომ ლეგენდარული დიზაინერი თავს სუსტად გრძნობს.

ლუი ვიტონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდური ბრენდია. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის ხაზი ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება, ქალის სამოსი ბრენდისთვის კვლავ შემოსავლის ძირითადი წყაროა.  ლუი ვიტონის ქალის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ნიკოლა ჟესქიერია. ნიკოლა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას 5 მარტს ექვს საათზე წარადგენს,რომლითაც მთლიან სეზონს დახურავს.