მამაკაცის სამოსის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულები დასრულდა და ჩვენ უკვე შეგვიძლია სეზონის დასამახსოვრებელი კოლექციები გამოვყოთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ევროპაში არაერთი მნიშვნელოვანი ჩვენება გადაიდო. მეტიც, ომიკრონის მზარდი შემთხვევების ფონზე, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ლონდონის მოდის კვირეულის გაუქმება მოუწია. ბრიტანელი დიზაინერები პოდიუმს თებერვალში ქალის Ready to wear კოლექციების ჩვენებებზე დაუბრუნდებიან, თუმცა კვლავაც შერეული ფორმატით – პრეზენტაციების ნაწილი გაიმართება ციფრულად, ნაწილი – ფიზიკურად.

იტალიაში და საფრანგეთში 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი 11 იანვარს პიტი უომოს ღონისძიებით დაიწყო. პიტი უომომ 3 დღეს გასტანა და 13 იანვარს დაიხურა.

Pitti Uomo ევროპაში მამაკაცის სამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც 1989 წლიდან წელიწადში ორჯერ ფლორენციაში იმართება. ამ დროს ცნობილი მაღაზიების, ჟურნალების და ბრენდების წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან, რათა დაათვალიერონ და შეიძინონ როგორც ახალგაზრდა ბრენდების კოლექციები, აგრეთვე უკვე სახელგანთქმული კომპანიების ახალი ხაზები. 11-13 იანვარს, მყიდველებმა ცნობილი იტალიური ბრენდის, Kiton -ის ახალი ყოველდღიური ხაზი – KTN იხილეს.

პიტი უომოს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ყველაზე გახმაურებული მომენტი საკულტო ბელგიელი დიზაინერის, Ann Demeulemeester-ის ჩვენება უნდა გამხდარიყო, თუმცა პანდემიის გამო, დემულამესტერმა ჩვენება 2022 წლის ივნისისთვის გადადო.


მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული: 15 – 17 იანვარი.

15 იანვარს, ფიზიკური მოდის კვირეულის ფორმატში, პირველი ჩვენებები გაიმართა მილანში. სილვია ვენტურინი ფენდიმ კლასიკური მკერვალობით შესრულებული კოლექცია წარადგინა, რომელიც აერთიანებდა არასტანდარტული ჭრების მქონე სმოკინგებს, პალტოებს და ფენდის ყველაზე გაყიდვადი ჩანთების განახლებულ მოდელებს.

Fendi შემოდგომა/ზამთარი 2022


2012 წლის გახმაურებული ჩვენებიდან ზუსტად 10 წლის თავზე, პრადას პოდიუმი კიდევ ერთხელ დაიკავეს კინოს ვარსკვლავებმა. მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება მილანში ყველაზე საინტერესო გამოცდილებად იქცა. შოუ კაილ მაკლაქლენმა გახსნა, ხოლო ჯეფ გოლდბლუმმა დახურა. მოდელების ამპლუაში ასევე ვიხილეთ ნეთფლიქსის სერიალის, Sex Education-ის ვარსკვლავი, ასა ბატერფილდი და ინგლისელი მსახიობი თომას ბროდი-სენგსთერი.

Prada შემოდგომა/ზამთარი 2022

ვარსკვლავური მომენტი შეიქმნა დოლჩე&გაბანას კოლექციის ჩვენებაზეც. დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენების გახსნის პატივი ამერიკელ რეპერს, Machine Gun Kelly-ის ხვდა წილად.

Dolce & Gabbana შემოდგომა/ზამთარი 2022

მნიშვნელოვანი რებრენდინგის შემდეგ, ერმენეჯილდო ზენია გახდა „ზენია“. კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო სარტორიმ Zegna-ს ახალი კოლექცია ფერების და სილუეტების მიხედვით, რამდენიმე კატეგორიად წარმოადგინა. სარტორის უახლესი ნამუშევარი სამოსის ფუნქციური დატვირტვით გამოირჩევა. როგორც დიზაინერი განმარტავს, კოლექციის ფუნქციურობაზე აქცენტი სეზონური ტრენდი არ არის, ეს ბრენდის ახალი მიმართულებაა, რომელიც მომავალ სეზონებზე კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

Zegna შემოდგომა/ზამთარი 2022

სახელგანთქმული მოდის სახლების გვერდით, მილანში შესამჩნევი ადგილი დაიკავა Alyx -მა. მიზეზი მარტივი და ლოგიკურია – გასულ წელს, ალიქსის დამფუძნებელი, მეთიუ ვილიამსი ჟივანშის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა. Alyx თანამედროვეობის პროდუქტია. ის თავის ცენტრში აქცევს ახალგაზრდულ სცენას და აერთიანებს ფუფუნების სეგმენტზე გათვლილ ქუჩის სტილს. ტრადიციულად, ამ სეზონზეც, ვილიამსის ახალმა კოლექციამ გააერთიანა, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის სამოსი.

Alyx შემოდგომა/ზამთარი 2022

პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული: 18 – 23 იანვარი.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე სეზონმა შედარებით მოკრძალებულად ჩაიარა, განახევრებული იყო ფიზიკური ჩვენებების, წვეულებების და დამსწრე საზოგადოების რაოდენობა, მოდის კვირეულმა მაინც შეძლო პრესის და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. ჯამში, პარიზში 17 ფიზიკური ჩვენება გაიმართა, მათ შორის ყველაზე დიდი ინტერესი Louis Vuitton-ის, Dior-ის და Kenzo-ს მიმართ არსებობდა.


ვირჯილ აბლოს უკანასკნელი კოლექციის სანახავად ლუი ვიტონის ჩვენებაზე მოდის და მუსიკის ვარსკვლავები შეიკრიბნენ. როგორც ბრენდის განცხადებაში ვკითხულობდთ, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის უდიდესი ნაწილი ვირჯილის სიცოცხლეში შეიქმნა. ნამუშევრის სრულყოფაზე კი, სტილისტმა იბრაჰიმ ქეიმარამ იმუშავა.

Louis Vuitton შემოდგომა/ზამთარი 2022


მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებაზე 2021 წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მოიგო, კიმ ჯონსმა Dior-ის პირველი კოლექცია წარადგინა. 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ინგლისელმა დიზაინერმა ქუდების ლეგენდარულ ოსტატთან, სტეფენ ჯონსთან ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ შოუ 21 იანვარს, კრისტიან დიორის დაბადების დღეზე გაიმართა.

Dior შემოდგომა/ზამთარი 2022


Kenzo-ში ნიგოს სადებიუტო კოლექციის ჩვენებამ მოსალოდნელი ხმაურით ჩაიარა. ნიგო, რომლის ნამდვილი სახელია ტომოაკი ნაგაო, 1970 წელს დაიბადა, მაშინ, როდესაც კენზო ტაკადამ პარიზში პირველი ბუტიკი გახსნა. მან განათლება ბუნკას მოდის კოლეჯში მიიღო, იმავე კოლეჯში, რომელშიც კენზო სწავლობდა, ხოლო სწავლა იმავე წელს დაამთავრა, როდესაც კენზო LVMH-ის ნაწილი გახდა.

Kenzo შემოდგომა/ზამთარი 2022


გასული წლის ივლისში, საკაის Chitose Abe-მ Jean Paul Gaultier-სთვის შექმნილი თავისი კოლექცია წარადგინა. ამ სეზონზე კი, საპასუხისმგებლო დავალების შესრულება Diesel-ისა და Y/Project-ის კრეატიულ დირექტორს, გლენ მარტენსს დაეკისრა. Jean Paul Gaultier-ის პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე გამართულ Y/Project-ის ჩვენებაზე, პირველი წარმოდგენა უკვე შეგვექმნა თუ როგორია მარტენსის თვალით დანახული JPG. ბელგიელმა დიზაინერმა თავის ახალ კოლექციაში გამოიყენა პრინტები, რომლებიც ოთხმოცდაათიანი წლებიდან გოტიეს ხელწერად იქცა.

Y/Project შემოდგომა/ზამთარი 2022


თუ მილანში ყველაფერი მაინც კლასიკური და პრაქტიკული გარდერობის იდეით იქნა წარმოდგენილი, პარიზში ექსპერიმენტების ადგილი კვლავ არსებობს. ამის ნათელი მაგალითია LOEWE, ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით. ‘რა არის დღეს რეალური? სრულყოფილება გაყალბებულია, ნაკლოვანება წაშლილია. არაფერია ისეთი, როგორიც გვგონია,’ -ვკითხულობდით ბრენდის განცხადებაში. მართლაც, ლუევეს ახალ კოლექციაში, არაფერი იყო ისეთი, როგორიც ჩანდა.

Loewe შემოდგომა/ზამთარი 2022


საინტერესო ექსპერიმენტი ვიხილეთ რიკ ოუენსის ჩვენებაზეც. “მე არ მივეკუთვნები იმ დიზაინერებს, რომლებიც ამბობენ, ‘ახლახანს ვიყავი ჩინეთში და ჩემი შთაგონებაც აქედან მოდის,’ მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ცოტა ხნის წინ ეგვიპტეს ვსტუმრობდი, მათ აქვთ ასეთი ფორმები, ლამაზი ფორმები და ვიფიქრე, თუ ამ ყველაფერს დენ ფლავინის ჩაფხუტებთან ერთად გავაკეთებდი, ძალიან მაგარი გამოვიდოდა,” – აღნიშნა ოუენსმა ჩვენების დასრულების შემდეგ. დენ ფლავინი ამერიკელი არტისტია, რომელიც სკულპტურული და მნათობი ობიექტების ინსტალაციებით არის ცნობილი.

Rick Owens შემოდგომა/ზამთარი 2022


პარიზის მოდის კვირეული არასდროსაა სრულყოფილი სუპერმოდელების გარეშე. Ami-ის ჩვენებაზე პოდიუმი სამოდელო ბიზნესის საკულტო სახეებმა, ლეტიცია კასტამ, მარიაკარლა ბოსკონო, კირსტენ ოუენმა და ანა ევერსმა დაიკავეს.

Ami შემოდგომა/ზამთარი 2022


Andam Prize-ის გამარჯვებულმა, ბიანკა სანდერსმა თავისი პირველი ჩვენება პარიზში გამართა. “არ მჯერა, რომ ჩემს პირველ შოუს პარიზში ვმართავ – ეს ჩემს კარიერაში ისტორიული მომენტია,” აღნიშნა ახალგაზრდა ბრიტანელმა დიზაინერმა, რომელმაც მოდის ინდუსტრიის ყურადღება მინიმალიზისადმი ინდივიდუალური ხედვით დაიმსახურა.

Bianca Saunders შემოდგომა/ზამთარი 2022


და ბოლოს, ფრანგული მოდის ერთ-ერთი გიგანტი – Hermès. პანდემიის დაწყების შემდეგ, ერმესის კრეატიული დირექტორის, ვერონიკ ნიშანიანის პირველ ფიზიკურ შოუს აუდიტორია ინტერესით ელოდა. სომხური ფესვების ფრანგმა დიზაინერმა თანამედროვე მამაკაცის გარდერობი წარმოგვიდგინა. თვალსაჩინოა, რომ ამ სეზონზე, ნიშანიანის ხედვა მეტად არის მორგებული სპორტულ და პრაქტიკულ სტილს.

Hermès შემოდგომა/ზამთარი 2022