დღეს პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში Maison Margiela-ს შოუ იყო დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაცია ოფიციალურ განრიგში უკვე ჩანიშნული იყო, გავრცელდა ინფორმაცია, მოდის სახლში მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
Maison Margiela-ს მხრიდან, ჩვენების გადადების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთებულა, თუმცა WWD-ს ცნობით, ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ქალისა და მამაკაცის Artisanal კოლექცია მოგვიანებით იქნება წარდგენილი. ოფიციალური კალენდრის მიღმა გაიმართება 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის ქალისა და მამაკაცის ready-to-wear კოლექციის ჩვენებაც.

შეგახსენებთ, მიმდინარე ოტ კუტიურ სეზონი სხვა არაერთმა ბრენდმაც გამოტოვა, მათ შორის არის: Jean Paul Gaultier, Elie Saab, Zuhair Murad, Georges Hobeika და Ralph & Russo.
გასულ სეზონებზე ჯონ გალიანომ მარჯიელასთვის შექმნილი თავისი კოლექციები ნიკ ნაითთან თანამშრომლობით გადაღებული ფილმების სახით წარადგინა – S.W.A.L.K. და S.W.A.L.K. II. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის მოეწყობა Maison Margiela-ს პრეზენტაციები. ბრენდში ხაზს უსვამენ იმასაც, რომ კალენდართან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ ამ ორ კოლექციას შეეხება.