Drew- ასე ერქმევა ცნობილი მსახიობის და ტელე წამყვანის, დრიუ ბერიმორის გამოცემულ ჟურნალს, რომელიც მოდის, სილამაზის ინდუსტრიის, პოპ-კულტურის, მოგზაურობის, კულინარიისა და თანამედროვე ცხოვრების ტრენდების შესახებ საინტერესო რუბრიკებსა და სტატიების სერიებს გააერთიანებს.

ახალი მედია პროექტის ფარგლებში, ბერიმორი გამომცემლობა Bauer Media USA-სთან ითანამშრომლებს. მსახიობი ჟურნალის სარედაქციო განყოფილებას სხვადასხვა ცნობილი გამოცემის კონტრიბიუტორ ავტორთან, მწერალ კრისტალ მირსთან (Crystal Meers ) ერთად უხელმძღვანელებს. Drew 2021 წლის ზაფხულიდან ჩაეშვება გაყიდვაში. მისი პირველი ნომერი, თავდაპირველად, ცნობილი ამერიკული ჰიპერმარკეტების ქსელ Walmart-ში გაიყიდება, მოგვიანებით კი, მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც ცნობილია, Drew ბეჭდურ მედიაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა თანამედროვე ეპოქის ყველა გამოცემის მსგავსად, მკითხველს მასალას ციფრული პლატფორმების მეშვეობითაც შესთავაზებს. ჟურნალის ნომრის ფასი 9,99 დოლარი იქნება. როგორც გამოცემის იდეის ავტორი და დამფუძნებელი დრიუ ბერიმორი აღნიშნავს, ის ადრეული ასაკიდანვე მაგავსი ტიპის ჟურნალების აქტიური მკითხველია. მსახიობის თქმით, ფიზიკური გამოცემები მოხმარების თავისებურ კულტურას ქმნის, ამ ტრადიციის შესაბამისი ფორმით შენარჩუნება და აქტუალობა კი მისთვის, როგორც მედია სფეროს ანტერპრენერისათვის, საინტერესო გამოწვევაა.