თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ იტალიური მოდის წამყვანი ბრენდი, Versace მილანის მოდის კვირეულს გამოტოვებდა და ციფრულ ფორმატში ახალი კოლექციას 5 მარტს წარადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერსაჩეს გადაწყვეტილებას დაეტოვებინა მშობლიური მილანი, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიტიკა და ლოდინიც ღირდა.
Versace-ს შემოქმედებითმა გუნდმა, დონატელა ვერსაჩეს ხელმძღვანელობით, ენერგიული, განსხვავებული და გასართობი შოუ შემოგვთავაზა, რომლის არცერთი დეტალი მოსაწყენი არ არის. ლაბირინთულ პოდიუმზე მოდის სახლმა ახალი დამახასიათებელი პრინტი გამოიყენა, რომელიც ვერსაჩეს საკულტო La Greca-ს გეომეტრიულ ვერსიას მოგაგონებთ.
კოლექცია აერთიანებდა ბრენდის ხელწერად ქცეულ მოხდენილ ფერად მინი-კაბებს, მაღალქუსლიან პლატფორმებს და ყოველდღიურ თანამედროვე ტანისამოსს. აღსანიშნავია, რომ ვერსაჩეს სხვა კოლექციებთან შედარებით, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის შემოთავაზება ნაკლებად არის ორიენტირებული არქივებზე. ამასთან, პოდიუმზე წარმოდგენილი სამოსი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე გასულ სეზონებში.
ყურადღებას იმსახურებს მოდელების ვარსკვლავური შემადგენლობაც. შოუ გახსნა და დახურა ამერიკელმა სუპერმოდელმა, ჯიჯი ჰადიდმა. მშობიარობის შემდეგ, ჰადიდი პირველად დაუბრუნდა მაღალი მოდის პოდიუმს. ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ: ირინა შეიკი, ბელა ჰადიდი, ვიტორია ჩერეტი, მიკა არგანარაზი, ადუთ აკეჩი, რიან ვან რომფეი, მონა თუგარდი და თანამედროვე სამოდელო ბიზნესის სხვა აღიარებული სახეები.
“მოდელები მსახიობებივით არიან, ისინი სიცოცხლეს სძენენ სამოსს, როგორც შემსრულებელი განასახირებს პერსონაჟს. ამ შოუს გადაღებისას გავაანალიზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია მისცე მოდელს დრო, რათა შეიგრძნოს ტანისამოსი, რომელსაც პოდიუმზე წარადგენს“ – ვკითხულობთ ვერსაჩეს ოფიციალურ განცხადებაში.
კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – Vogue.com/Versace