დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიორის კრუიზ კოლექციის პრეზენტაცია ათენში მოეწყობოდა. ამ დრომდე უცნობი იყო ჩვენების გამართვის ზუსტი ადგილი. WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, მარია გრაცია ქიური ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილ თავის მომდევნო კოლექციას 17 ივნისს, საღამოს 9 საათზე (CET), პანათენაიკის სტადიონზე წარადგენს.
გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, სტადიონი თავდაპირველად ქრისტეს შობამდე დაახლოებით 330 წლით ადრე აიგო. მოგვიანებით, ჰეროდე ატიკუსმა 50,000 ადგილიანი სტადიონი მთლიანად განაახლა მარმარილოთი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ადგილას გაიმართა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს.
დიორის მოდის სახლმა შესაბამისი ორგანოებისგან ნებართვაც მიიღო, რომ პრეზენტაციის პარალელურად, გადაღებები საბერძნეთის სხვადასხვა ისტორიული და კულტურული დატვირთვის მქონე ადგილებში მოაწყოს, მათ შორისაა: აკროპოლისი; ჰეროდეს ატიკუსის ოდეონი, ათენის უძველესი აგორა; სონიონის კონცხზე მდებარე პოსეიდონის ტაძარი და ნემეას ზევსის ტაძარი.
“საბერძნეთი ყოველთვის ახლოს იყო ჩემს გულთან. ჩემთვის, როგორც რომის მკვიდრისთვის, ეს ქვეყანა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი კულტურის, ლიტერატურის, შემოქმედების აკვანი. მითოლოგიიდან ოდისეამდე, არქიტექტურიდან ფილოსოფიამდე, ათენი საოცნებო ადგილია შოუს გასამართად.”
მარია გრაცია ქიური
ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბერძნული კულტურა ფრანგული მოდის სახლის ყურადღების ცენტში მოექცევა.
70 წლის წინ, ბრენდის დამაარსებელმა კრისტიან დიორმა 1951 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურის კოლექციის წარდგენისას გადაღება სწორედ ათენში, აკროპოლისის ფონზე მოაწყო.