Olivier Theyskens
მიმდინარე სეზონზე ოლივიე თეისკენსი ფრანგმა მომღერალმა Mylène Farmer – მა შთააგონა, რომელმაც ბელგიელი დიზაინერის ესთეტიკის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. როგორც თეისკენსი იხსენებს, ოთხმოციანი წლების ბოლოს მისით შეპყრობილი იყო.
„ის საფრანგეთში ძალიან ცნობილი იყო. მომწონდა მისი სამყარო, მისი ხმა,“ – ამბობს დიზაინერი. „თვითიზოლაციაში მის იმ დროინდელ კლიპებს ვუყურე და მივხვდი, რომ ჩემი ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ბევრი რამ სწორედ მისგან მოდის. ჩემთვის, როგორც ზრდასრულისთვის საინტერესო იყო ამ ნოსტალგიაში ჩაძირვა.“
პირველი ლუქი თეისკენსის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ქმნილებას, ყვითელ კაბას მოგვაგონებს, რომლითაც მადონა VH1 Fashion Awards – ზე წარსდგა. საინტერესოა, რომ თეისკენსმა მხოლოდ ახლა დაუშვა, რომ ეს ცნობილი კაბა შესაძლოა Mylène – ის 10 წლით ადრე ნანახი ვიდეოს გავლენით შეექმნა.
“სულ მას ვუსვენდი. მისი ხმა მიყვარდა და ისევ ძალიან მიყვარს, მაგრამ საკმაოდ განმაცვიფრა იმის გაცნობიერებამ თუ რამხელა კვალი დატოვა მან ჩემზე იმ ასაკში – ისეთ პერიოდში, როცა რასაც ვეხებით ჩვენი აღქმის უნარისთვის ფუნდამენტური ხდება – და რა გავლენა ჰქონდა ამას ჩემს პერსონალურ სამყაროსა და მანერაზე, რომლითაც ვქმნი.”
ოლივიე თეისკენსი
სწორედ არტისტის პერსონებს წარმოაჩენს 21 ლუქი თეისკენსის ახალი კოლექციიდან.
Rick Owens
2020 წლის მთავარი აქსესუარი – საჭირო აქსესუარი – სახის ნიღბებია, რომელთა გარეშე არც რიკ ოუენსის ჩვენებას ჩაუვლია. „ნიღაბი რაღაცნაირად შეესაბამება ჩემს ტანსაცმელს,“ – აღნიშნა ოუენსმა. „მაგრამ ეს გაფრთხილებაც არის და გზავნილიც. შეიძლება ნიღბის არ გჯეროდეს, მაგრამ ის სწორ მესიჯს გზავნის.“
რაც შეეხება თავსაბურავებს, ისინი მეორე მსოფლიო ომში ქალებისთვის მათი ტარების საჭიროებას ეხმიანება.
“ტანსაცმელი შეგვიძლია არასერიოზულად მივიჩნიოთ ან მასზე ვიფიქროთ, როგორც ადამიანებთან კომუნიკაციის დასამყარებლად ერთ-ერთი პირველ საშუალებად, რაც ძალიან ძლიერი რამ არის. სამოსი მსოფლიოს ვერ შეცვლის, მაგრამ ის დამოკიდებულების ნაწილია, რომელიც ხალხის აზროვნებაზე ახდენს გავლენას. ის მითითებებს, პატარა მესიჯებს წარმოადგენს, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს უგზავნიან, მაგალითად, როგორც ეს ქუდები.”
რიკ ოუენსი
რიკმა მამაკაცის ჩვენების მსგავსად, ქალის ამ კოლექციასაც „ფლეგეტონი“ უწოდა. ფლეგეტონი მიწისქვეშა მდინარეა ბერძნული მითოლოგიიდან და დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“ მოხსენიებული მეშვიდე წრეში წარმოდგენილი მდინარის სახელი.
თვალში საცემია კოლექციის ფერთა პალიტრაც – ვარდისფერის და წითლის ტონალობები, რომლებიც შავს და თეთრს ერწყმის.
და რა მესიჯს გადმოსცემდა ოუენსის შთამბეჭდავი ჩექმები? „ისინი ბოტებია, რომლითაც ჯოჯოხეთის მდინარეში გავლა შეიძლება.“
Maison Margiela
ჯონ გალიანოს მარჯიელას მოდის სახლის ახალი კოლექციის პრეზენტაციის ფონზე სხვა ყველა დანარჩენი მოსაწყენი და უმნიშვნელო ჩანს. გენიალური გალიანოს იდეები ტანსაცმლის, უნიკალური პერსონაჟების და კონცეპტუალური თემების სახით ჩვენთვის ხელშესახები ხდება. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის დიზაინერის ხედვა ბნელი და რომანტიკულია, ამავდროულად, მშვენიერი და არაამქვეყნიური.
მარჯიელას ახალი კოლექციის საჩვენებლად ჯონის და ნიკ ნაითის თანამშრომლობა ისევ გაგრძელდა. ივლისში, ოტ კუტიურის პირველ ციფრულ სეზონზე ნაითმა გალიანოს იდეების დოკუმენტირება 52 წუთიანი ფილმით შეძლო. S.W.A.L.K. – ავლენდა ყველაფერს, რაც Maison Margiela – ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ‘Artisanal’ კოლექციას უკავშირდებოდა და უფრო მეტსაც. ის წარმოადგენდა ნარატივს თუ როგორ იქმნებოდა კოლექცია, დაწყებული შთაგონების წყაროების ძიებითა და განხილვით, დამთავრებული უშუალოდ ტანსაცმლის შექმნის პროცესით. ფილმში კიდევ ერთ თემას ვხვდებოდით – თრილერს მარჯიელას მოდის სახლის მუზების მონაწილეობით (იხილეთ სტატია).
“მარჯიელასთვის ქალისა და მამაკაცის გაერთიანებული ეს ჩვენება ‘არტისანალის’ მხატვრული ინდრუსტრიალიზაციაა. გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ ახდენს ‘არტისანალი’ გავლენას ‘რედი-თუ-ვეარზე,’ როგორ შეუძლია შთაგვაგონოს ჩვენ და მოდის ინდრუსტრიალიზაცია.”
ჯონ გალიანო
RTW სეზონზე S.W.A.L.K. II – ის პრემიერა შედგა, რომელიც გარდა იმისა, რომ შემოქმედებით პროცესთან გვაახლოვებს, მოდის სახლის ნომრების მნიშვნელობას გვინმარტავს და Replica თუ Recicla კონცეფციებს წარმოგვიდგენს, ახალი კოლექციის შთაგონების მთავარ წყაროს წარმოგვიჩენს. გალიანო იხსენებს ბუენოს აირესში ტანგოს მოცეკვავეებს, რომლებსაც ფილმში გალიანოს მუზები განასახიარებენ, შემდგომ კი ვხვდებით ქორწინების კოშმარულ და მომხიბლავ სურათს, რომელიც წყალქვეშ გრძელდება.
S.W.A.L.K. II
რეჟისორი: Nick Knight