„გლობალურ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულმა ჯგუფმა – დაწყებული აღმასრულებელი ხელმძღვანელებიდან, დამთავრებული ბაიერებით და შემოქმედებითი ხელმძღვანელებით, საუბრების სერია წამოვიწყეთ და ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიარეთ; განვიხილეთ გზები, რომელთა საშუალებითაც ჩვენი ბიზნესები უნდა ტრანსფორმირდეს,“ – ასე იწყება ღია წერილი, რომელიც მოდის ინდუსტრიის მისამართით გაიგზავნა.
აღნიშნული საუბრების სერია Zoom-ში სამ ზარს მოიცავდა, რომელსაც ბელგიელი დიზაინერი დრის ვან ნოტენი მიუძღვოდა. მოდის კალენდარი უკვე დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბოლო წლებში See Now Buy Now – სთან ადაპტირების გზით მისი შეცვლის წარუმატებელი მცდელობის მოწმეებიც გავხდით. თუმცა ეს მოდელი რადიკალურ ცვლილებებს გულისხმობდა და მის მიმართ სკეპტიკური მოსაზრებები თავიდანვე, მის გამოცდამდე გაისმოდა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ მიმდინარე მდგომარეობა მიუხედავად იმისა, რომ გამომწვევია, შესაძლებლობას გვაძლევს დავიწყოთ ფუნდამენტური და მისასალმებელი ცვლილებები, რომლებიც ჩვენი საქმიანობის წარმართვას გაამარტივებს, უფრო მეტად დაუკავშირებს გარემოს, სოციალურად მდგრადს გახდის და, საბოლოოდ, მომხმარებლის საჭიროებებს უფრო მოერგება,“ – აღნიშნულია დღეს გამოქვეყნებულ წერილში.
BOF-ის ცნობით, წერილს დრისთან ერთად ხელს აწერენ ინდუსტრიის ისეთი გავლენიანი წევრები, როგორებიც არიან: დიზაინერები მარინ სერე და თომ ბრაუნი, საცალო გამყიდველები MyTheresa, Selfridges, Lane Crawford და Nordstrom.
შეთანხმების თანახმად, ისინი კოლექციების დროულობასთან და ფასდაკლების საკითხთთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებას 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონიდან დაიწყებენ, რაც გულისხმობს, რომ მოდაში შემოდგომა/ზამთრის სეზონი დაბრუნდება ზამთარში, აგვისტოდან იანვრის ჩათვლით. გაზაფხული/ზაფხულის სეზონი კი ზაფხულში, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით. მიწოდება სეზონის შესაბამისად უფრო დაბალანსებული გახდება. ფასდაკლება კი სეზონის ბოლოს დაიწყება, შუასეზონური ფასდაკლებების გარეშე. შესაბამისად შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ფასდაკლება დაიწყება იანვარში, გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის კი – ივლისში.
ვან ნოტენი იმედოვნებს, რომ მათ მალე ისეთი ბრენდებიც შეუერთდებიან, როგორებიცაა: კაროლინა ჰერერა, ნინა რიჩი და პაკო რაბანი. აღსანიშნავია, რომ დიდი კონგლომერატების – ქერინგის და ელვიემეიჩის – შემადგენელი ბრენდები ინიციატივაში არ ფიგურირებენ.

მათ ინტერესებში შედის მიწოდების ჯაჭვის და გაყიდვების კალენდრის საშუალებით მდგრადობასთან დაკავშირებული პრაქტიკების დანერგვაც. შედეგად შეიქმნება ნაკლები არასაჭირო პროდუქტი, შემცირდება ქსოვილების ნარჩენები და ინვენტარი, ასევე მოგზაურობის სიხშირე. მოეწყობა ციფრული შოურუმები და გადაიხედება მოდური ჩვენებების საკითხი.
„იმედი გვაქვს, ერთად მუშაობით ეს ნაბიჯები საშუალებას მისცემს ჩვენს ინდუსტრიას უფრო პასუხისმგებლიანი გახდეს ჩვენს გავლენაზე, რომელიც მომხმარებლებზე, პლანეტაზე და მოდურ საზოგადოებაზე გვაქვს. ასევე დავაბრუნებთ მაგიას და შემოქმედებითობას, რამაც მოდა ჩვენი სამყაროს ასეთ მნიშვნელოვან ნაწილად აქცია,“ – ვკითხულობთ წერილის ბოლოს.