ვივიენ ვესტვუდის შემოქმედებაში ისტორიული ნარატივები მუდმივად დიდ როლს თამაშობს. მის ჩვენებებზე წარსულიდან აღებული ელემენტები თანამედროვე დროში ხელახლა არის ინტერპრეტირებული. ის ხშირად სძენს ახალ მნიშვნელობას ისტორიულ სამოსს და თანამედროვე სახით წარმოაჩენს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მის 1990 წლის შოუზე ვიხილეთ, როცა წარსულის ისეთი მემკვიდრეობა, როგორიც კორსეტია შთამბეჭდავ ქმნილებად აქცია.

“ყველა აზრი წარსული იდეების შესწავლიდან გამომდინარე მიჩნდება. მოდასა და ხელოვნებას შორის კავშირი არსებობს. ვერაფერს შევქმნი თუ ხელოვნების ნიმუში არ ვნახე.

ვივიენ ვესტვუდი

მე-16 მე-18 საუკუნის ჩათვლით კორსეტი დიდგვაროვანი ქალების (მოგვიანებით ყველა ფენის წარმომადგენლის) ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა. მას ტანსაცმლის შიგნით იცვამდნენ და მისი უმთავრესი დანიშნულება ფემინური სილუეტის გამოკვეთა იყო.

ვივიენმა თანამედროვე ქსოვილებით, მათ შორის ლიკრათი განახლებული ისტორიული სამოსი Wallace Collection-ში ნაპოვნი ინსპირაციით გაამდიდრა და მე-18 საუკუნის ხელოვნებასაც დაუკავშირდა. თავის ნამუშევარზე მან როკოკოს სტილის მიმდევარი მხატვრის, ფრანსუა ბუშეს, დიდებული ნახატი – “Daphnis & Chloe” (მეორენაირად – “Shepherd Watching a Sleeping Shepherdess”) წარმოადგინა და კორსეტს ქალებისთვის არა შემზღუდველი, არამედ განმათავისუფლებელი მნიშვნელობა მიანიჭა.

“რამდენიმე წლის წინ მინდოდა გამეკეთებინა კოლექცია, რომელიც ქსოვილების მთელ რიგს მოიცავდა და იმდენად მდიდრული შესახედაობა ექნებოდა, რომ ზეთში შესრულებული ნახატების მსგავსად განსხვავებულ თვისებებს და ტექსტურის სიმდიდრეს გამოავლენდა,” – განაცხადა დიზაინერმა 1996 წელს. “ტილოდან დაწყებული, მაქმანებით დამთავრებული; ტვიდიდან – ხავერდით დამთავრებული.
როდესაც ქსოვილებს თავი მოვუყარე, მივხვდი, რომ კიდევ რაღაც მაკლდა: თავად ნახატები. მხატვრის ტილო მოვიშველიე; ვიცოდი, რომ ნახატის ფოტოგრაფიული პრინტი უნდა გამომეყენებინა. დეკორატიულობით ყველაზე გამორჩეული მხატვარი შევარჩიე – ბუშე – Wallace-ში ბუშეს ყველაზე ტიპური ნამუშევარი კი “Shepherd Watching a Sleeping Shepherdess” იყო. უბრალოდ მაოცებს ცხვრის კისერზე გამობმული ბაფთა… მინდოდა ის ისე გამომესახა, თითქოს ნახატიდან გადმოსულიყო.
ამ კოლექციას ჩემი “პორტრეტი” ვუწოდე.”

ოთხმოციან წლებში ვივიენ ვესტვუდი მეოცე საუკუნის პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც კორსეტს თავდაპირველი დანიშნულება შეუცვალა და არა შიგნიდან, არამედ გარედან ჩასაცმელ სამოსად წარმოადგინა, 1987 წელს. იმავე იდეას ემსახურებოდა მისი 1990 წელს შექმნილი კორსეტი შემოდგომა/ზამთრის კოლექცია “პორტრეტიდან.”