„ძალიან იშვიათად ჩნდება დიზაინერი, რომელიც გვახედებს სარკეში, რომელშიც ვხედავთ ყველაფერს რად ყოფნაც გვინდა. ოთხმოცდაათიანებში ასეთი კაცი ჰელმუტ ლენგი იყო,“ – სარა მაუერი.
ჰელმუტის შექმნილი ეპოქის დასასრული 2004 წლის 6 ოქტომბერს დადგა, როდესაც ავსტრიელმა დიზაინერმა თავისი ბოლო კოლექცია წარადგინა. მაშინ არავინ იცოდა, რომ 2005 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი თავის ბოლო ჩვენებას მართავდა.
ლენგის უკანასკნელი განაცხადი პოდიუმზე საზღვაო თემატიკას შეეხებოდა. ბუნებრივია, მან ეს ჩვეული მინიმალისტური მიდგომით გააკეთა.
Helmut Lang გაზაფხული/ზაფხული 2005
© BOF
„კოლექცია რომანტიკული, ძალიან მსუბუქი, საზაფხულო და, ამავდროულად, თანამედროვე უნდა ყოფილიყო, ასევე როგორღაც არაპირდაპირი გადმოცემა იმისა, საიდანაც დავიწყეთ.”
ჰელმუტ ლენგი
როგორც თიმ ბლენქსი იხსენებს, რამდენიმე თვით ადრე, ოსკარების დაჯილდოებისთვის სოფია კოპოლას ფილმის, Lost in Translation-ის, ვარსკვლავმა ბილ მიუერიმ ჰელმუტს თავისთვის პიჯაკისა და მეზღვაურის შარვლის შექმნა სთხოვა. იმ პერიოდში დიზაინერი სათევზაო კვანძების შესახებ დაწერილ ძველ წიგნსაც ეცნობოდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომდევნო კოლექციისთვის ლენგის შთაგონების წყარო აშკარა იყო.
ინსპირაცია კოლექციაში მრავალმხრივ ვლინდებოდა, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი და დასამახსოვრებელი დეტალი სათევზაო კვანძების რეფერენსებია, რომლებიც ერთდროულად კომპლექსური და მარტივია.
Helmut Lang გაზაფხული/ზაფხული 2005
© Vogue Runway
მეტი დეკორატიულობისთვის, ჰელმუტმა ისინი მარგალიტებითაც გააფორმა და უჩვეულო, თანაც შთამბეჭდავი ქმნილებები შემოგვთავაზა.
ჩვენების ჩანაწერი