რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერტრონ გუიო სკიაპარელის ბრენდს ტოვებდა, დღეს კი მოდის სახლმა მის შემცვლელად დენიელ როუზბერი დაასახელა. როუზბერი 33 წლის ტეხასელია, რომელიც 10 წელი თომ ბრაუნთან მუშაობდა ქალისა და მამაკაცის კოლექციებზე და დიზაინ გუნდის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

Daniel Roseberry – Schiaparelli

”ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ბედნიერებაა იქ განვაგრძო მუშაობა, სადაც ელზა სკიაპარელი 85 წლის წინ შეჩერდა. სკიაპარელი თანამედროვეობის ოსტატი იყო. მის შემოქმედებაში აისახა იმ ამაღელვებელი პერიოდის ქაოსი და იმედი, რომელშიც ის ცხოვრობდა. დღეს კი ჩვენ საკუთარ თავებს იდენტობის განმსაზღვრელ შეკითხვებს ვუსვამთ: როგორ გამოიყურება ხელოვნება? რა არის იდენტობა? როგორ გამოვეწყობოდით სამყაროს დასასრულისთვის? სკიაპარელი ამ კითხვებს გულახდილად და იუმორით პასუხობდა, მაგრამ მის ყველაზე დიდ მიღწევად ელზას ფანტაზიისადმი ენთუზიაზმი რჩება, მისი მიხვედრილობა, რომ რთულ პერიოდებში ჩვენ ფანტაზია გვესაჭიროება. მე მინდა ამ კითხვებს პასუხები ჩემებურად გავცე და ფანტაზია შემოგთავაზოთ – ოცნება, რომელიც დღესაც აუცილებელი და რელევანტური იქნება” – დენიელ როუზბერი

ბრენდის მფლობელმა, დიეგო დელა ვალემ განაცხადა, რომ მოხარულია ბრენდში დენიელის დანიშვნით და იმედოვნებს, რომ მისი მრავალმხრივი ტალანტი და ინოვაციური ხედვა დაეხმარება ბრენდს გამოავლინოს ის ყოველივე, რის გამოც სკიაპარელი წარსულში რევოლუციური მოდის სახლი იყო.

ბერტრონ გუიოს ბრენდიდან წასვლის შესახებ ჭორები გასული წლის სექტემბერში გავრცელდა, როდესაც ბრენდის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტყავის ჩანთა – The Secret წარადგინა და იყო ჭორები, რომ ჩანთა გუიოს შექმნილი არ იყო. ჭორები კიდევ უფრო დაახლოვა სიმართლესთან იმ ფაქტმა, რომ იანვარში გამართულ სკიაპარელის ოტ კუტიურის ჩვენების კულისებში ბრენდის მფლობელი დელა ვალე არ ჩანდა.

სკიაპარელის მოდის სახლი იტალიელმა დიზაინერმა, ელზა სკიაპარელიმ დააარსა. ელზა იყო პირველი ოტ კუტიურის დიზაინერი, რომელმაც მაღალი მოდა უფრო მხიარული გახადა. სკიაპარელის მოდის სახლი ელზამ 1954 წელს დახურა. 2006 წელს ბრენდი Tod’s-ის კომპანიის თავმჯდომარემ, დელა ვალემ შეიძინა. მისი დიდების აღსადგენად მან კრისტიან ლაკრუასთანაც ითანამშრომლა. ლაკრუამ ბრენდისთვის 2013 წლის ოტ კუტიურ კოლექცია შექმნა. 2015 წელს სკიაპარელის კრეატიულ ხელმძღვანელად ბერტრონ გუიო დაინიშნა, რომელმაც მარკო ზანინი ჩაანაცვლა. ბერტრონის შემცვლელად კი დენიელ როუზბერი დასახელდა.

ელზა სკიაპარელი