ცოცხალი ადამიანისთვის უმოქმედობაზე არაბუნებრივი მდგომარეობა არ არსებობს. ყველა ჩვენი გამარჯვება იწყება მოძრაობით, რომელიც ოდნავ გვაახლოებს მიზანთან. აღნიშნული კონცეფცია იკითხება „საქართველოს ბანკის“ ახალ ვიდეო რგოლში, რომელიც აერთიანებს თითქმის ყველაფერს, რაც გვიყვარს და გვეამაყება, დემნა გვასალიადან  – სუხიშვილებამდე. ეს კი ჩვენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ქმედებების აღმნიშვნელი ზმნებით არის გამოხატული.

ჩვენი ყურადღება მიიქცია „შთაგონებამ,“ რომლის წარმოსაჩენადაც დემნა გვასალიას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდური პროდუქტია შერჩეული.

2018 წლის 1 ივლისს, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, დემნა გვასალიამ თავის კარიერაში ყველაზე პირადული და ემოციური კოლექცია წარადგინა, რომელიც საქართველოს მიუძღვნა. ამ კოლექციაში იყო ჯინსის ქურთუკი, რომელიც აერთიანებს იმას, რაც ქართველებს გვეამაყება და ძალიან გვიყვარს: შოთა, ვაჟა, გალაკტიონი, „მე და ღამე,“ სოხუმი. დემნას კოლექცია ქართველებისთვის განსაკუთრებული განაცხადი იყო, თუმცა ჩვენთვის, როგორც ადამიანებისთვის, რომლებიც გვასალიას მოდისადმი დამოკიდებულებას წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალს –  ორმაგად. ეს უკანასკნელი დემნას ზედმეტი პრაგმატიზმითაა გამოწვეული. დიზაინერი, რომლის ბრენდის შექმნის კონცეფცია კონცეფციის არქონა იყო, ქმნის კოლექციას, რომელიც არ არის უბრალოდ ტანსაცმელი და მის მიღმა ამბავია საქართველოს უახლესი ისტორიით შთაგონებული. გვასალიამ ჟურნალ i-D-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„სახლში ჯდომა და ბრაზი ძალიან მოძველებულია. ამას შედეგი არ მოაქვს. როდესაც რამის გაკეთება შეგიძლია, აუცილებლად უნდა გააკეთო. მე მჯერა მოქმედებების, იქნება დიდი, თუ პატარა, ყველაფერი ითვლება. ამიერიდან ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც გამოვუშვებ, უნდა წარმომადგენდეს ესთეტიკით და ეთიკური ღირებულებებით, რომლებიც გამაჩნია.”

შთაგონების სწორად გამოყენება და მოქმედებისკენ ლტოლვა ხდის დემნა გვასალიას მომენტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიზაინერად. მისი შემოქმედება შესაფერისი განაცხადია საქართველოს ბანკის ამ კონკრეტული ვიდეო რგოლისთვის, რომელიც გვახსენებს, რომ არ უნდა გავჩერდეთ და ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ.

საინტერესო შინაარსობრივი დატვირთვის და პარალელების გარდა, კარგი პრეცედენტია, როდესაც ასეთი დიდი კომპანია ვიდეოსთვის ქართულ მოდას და დიზაინერის პროდუქტს მოიაზრებს. გასულ წლებში მოდამ არათუ შეაღწია ქართულ საზოგადოებაში, არამედ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაც გახდა. ამ არსებული რეალობის სწორ გამოძახილად შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ვიდეო რგოლიც, რომელშიც ჯინსის ქურთუკი ტანისამოსზე და „მოდურობაზე“ უფრო მეტი დატვირთვის მქონეა.